აღწერილობითი განსაზღვრებანი:
ჩამოთვლილია კულტურის შემადგენელი ელემენტები, სტრუქტურული ერთეულები.
მაგალითი: კულტურა ის მთლიანობაა, რომელიც მოიცავს ცოდნას, რწმენა-წარმოდგენებს, ხელოვნებას, მორალს, წეს-ჩვეულებებსა და უნარებს, რომელიც შეიძინა ადამიანმა, როგორც საზოგადოების წევრმა (ე.ბ. ტაილორი).
ისტორიული განსაზღვრებანი:
ხაზგასმულია კულტურის მემკვიდრეობითობა, დროში განვითარება.
მაგალითი: კულტურა არის “მოღვაწეობის ხერხებისა და რწმენა-წარმოდგენათა კომპლექსი, რომელიც მიღებულია სოციალური მემკვიდრეობის გზით და რომელიც წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების ქსოვილს”.
ნორმატიული განსაზღვრებანი:
ა) ძირითადი კრიტერიუმია ცხოვრების წესი.
მაგალითი: “ცხოვრების წესი, რომელსაც მისდევს მოცემული თემი თუ ტომი, არის მისი კულტურა...” (კ. უისლერი).
ბ) აქცენტირებულია ფასეულობები, იდეალები.
მაგალითი: კულტურა მოიცავს ცალკეული ჯგუფების შექმნილ ფასეულობებს, ნორმებს, რომელთაც ისინი იცავენ, და მათ მიერ წარმოებულ მატერიალურ საგნებს. ფასეულობათა როლში გამოდის აბსტრაქტული იდეალები, ნორმები კი, რომლებიც განსაზღვრავენ ნებადართულსა და აკრძალულს, წარმოადგენენ პრინციპებს ან წესებს, რომლებიც ადამიანებმა უნდა დაიცვან ცხოვრების მანძილზე (ა. გიდენსი).
კულტურა - ფასეულობათა, ქცევის ნორმათა და სტანდარტთა ერთობლიობა, რომელიც არეგულირებს ადამიანთა ურთიერთობებს ერთმანეთთან, საზოგადოებასა და ბუნებასთან (ნ. სმელზერი).
ფსიქოლოგიური განსაზღვრებანი:
ა) აქცენტი კეთდება გარემოსთან ადაპტაციაზე.
მაგალითი: სასიცოცხლო პირობებთან შეგუების საშუალებათა ერთობლიობა არის კულტურა. ეს საშუალებანი ყალიბდება სელექციისა და მემკვიდრეობით გადაცემის გზით (უ.სამნერი და ა.კელერი).
ბ) აქცენტირებულია შესწავლის, სწავლების პროცესი.
მაგალითი: კულტურა არის სოციოლოგიური აღნიშვნა შესწავლილი ქცევისა, რომელიც არ ეძლევა ადამიანს დაბადებიდან, არ არის ჩადებული ჩანასახოვან უჯრედებში, როგორც კრაზანებთან ან ჭიანჭველებთან, არამედ ათვისებული უნდა იქნას ყოველი ახალი თაობის მიერ, უფროსთაგან შესწავლის გზით (რ.ბენედიქტი).
გ) აქცენტირებულია ჩვევათა ჩამოყალიბება.
მაგალითი: კულტურა – ეს არის ქცევის ჩვეული ფორმები, რომლებიც საერთოა ჯგუფის, ერთობის ან საზოგადოებისათვის. იგი შედგება მატერიალური და არამატერიალური ელემენტებისაგან (კ.იანგი).
კულტურა არის ქცევისა და მსოფლმხედველობის სტერეოტიპი (ლევ გუმილიოვი).
კულტურა “ჩვევათა გარსია” ამ “გარსის” ანუ ჩვევათა სისტემის გარეშე არ არსებობს არც ერთი საზოგადოება. როცა “გარსი”, დედამიწის ქერქის მსგავსად, იბზარება, ამოხეთქავს ქაოსის, ნგრევისა და ზნეობრივი დაცემის ტალღა. გაივლის არეულობისა და ბრძოლის მრავალი წელი, ვიდრე ეს ქაოსი ახალ წესრიგად ჩამოყალიბდება და წარმოიქმნება ახალი “ჩვევათა გარსი” (თ. კარლაილი).
დ) “წმინდა ფსიქოლოგიური” განსაზღვრებანი.
მაგალითი: კულტურად მივიჩნევთ ერთობლიობას ყველა სუბლიმაციისა, შედეგიანი რეაქციისა და ყოველივე იმისა, რაც თრგუნავს იმპულსებს ან ქმნის მათი გაუკუღმართებული რეალიზაციის შესაძლებლობას (გ. როხაიმი).
სტრუქტურული განსაზღვრებანი:
ამოსავალია კულტურის სტრუქტურული ორგანიზაცია.
მაგალითი: კულტურა შედგება ფსიქოლოგიური სტრუქტურებისაგან, რომელთა მეშვეობით ინდივიდები ან ინდივიდთა ჯგუფები განსაზღვრავენ თავიანთ ქცევას. საზოგადოების კულტურა შედგება იმისაგან, რაც საჭიროა ვიცოდეთ და საჭიროა გვწამდეს, რათა ჩვენი ქცევა მისაღები იყოს საზოგადოების სხვა წევრებისათვის... კულტურა ადამიანთა გონებასა და გულშია. (უ.გუდინაფი)
გენეტიკური განსაზღვრებანი
დამყარებულია კულტურის წარმოშობის ფაქტორზე.
ა) კულტურა განიხილება როგორც შედეგი ან არტეფაქტი.
მაგალითი: კულტურა აღნიშნავს ერთობლიობას ყოველივე იმისა, რაც შექმნილი ან მოდიფიცირებულია ორი ან მეტი ინდივიდის ცნობიერი ან არაცნობიერი საქმიანობით, ინდივიდებისა, რომლებიც ურთიერთქმედებენ ან ზემოქმედებენ ერთმანეთის ქცევაზე (პ.სოროკინი).
ბ) აქცენტი კეთდება იდეებზე.
მაგალითი: კულტურა – ეს არის შედარებით მუდმივი არამატერიალური შინაარსი, რომელიც საზოგადოებაში განზოგადების პროცესის მეშვეობით გადაეცემა (ჰ.ბეკერი).
გ) აქცენტირებულია სიმბოლოთა როლი.
მაგალითი: “კულტურას ვუწოდებთ ერთობლიობას საგნებისა და მოვლენებისა, რომლებიც დაკავშირებულია მხოლოდ ადამიანთა სახეობისთვის დამახასიათებელ მენტალურ უნართან – სიმბოლიზაციის უნართან. უფრო ზუსტად, კულტურა შედგება მატერიალური საგნების, მოქმედებების, რწმენა-წარმოდგენებისა და ურთიერთობებისაგან, რომლებიც ფუნქციონირებენ სიმბოლურ კონტექსტში. იგი წარმოადგენს რთულ ექსტრასომატურ მექანიზმს, რომელსაც ადამიანი იყენებს გადარჩენისა და არსებობისათვის ბრძოლაში”.
დ) კულტურა როგორც არაკულტურიდან წარმოშობილი ფენომენი.
მაგალითი: “იმას, რაც განასხვავებს ადამიანს ცხოველისაგან, ვუწოდებთ კულტურას” (ვ.ოსტვალდი).
კ. კლაკჰონი, “სარკე ადამიანისათვის”:
“ხალხის ცხოვრების განზოგადებული წესი”;
“სოციალური მემკვიდრეობა, რომელსაც ინდივიდი იღებს თავისი ჯგუფისაგან”;
“აზრთა, გრძნობათა და რწმენა-წარმოდგენათა სახე”;
“ქცევის აბსტრაქცია”;
“ადამიანთა ჯგუფის ქცევის ანთროპოლოგთა მიერ შექმნილი ვერსია”;
“კოლექტიური ცოდნის საგანძური”;
“განმეორებად პრობლემებში ორიენტაციის ხერხების სტანდარტული ნაკრები”;
“შესწავლადი ქცევა”;
“მექანიზმი ქცევის ნორმატიული რეგულირებისათვის”;
“გარემოსა და სხვა ადამიანებთან შეგუების ხერხების ერთობლიობა”;
“ნალექი, რომელსაც ტოვებს ისტორია”;
“რუკა, მატრიცა”.
No comments:
Post a Comment