Saturday, January 22, 2011

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი

აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი მე-20 საუკუნის 50-იანი წლების მოდერნისტული მიმდინარეობაა,  რომელიც ხელოვნებას განიხილავს მეცნიერებაში გავრცელებულ ცნებათა დემონსტრაციის საშუალებად. მაგალითად: ზომა, წონა ყოფა, ხიბლი და ა.შ.  ამ მიმდინარეობას იმ პერიოდში გამეფებული საკუთარი თეორიული ბაზა აქვს, რომელიც ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზროვნებას ეფუძნება.

ტერმინი ,,ექსპრესია” ლათინურად გამოხატვას ნიშნავს, ხოლო ექსპრესიონიზმი წარმოდგება უშუალოდ ფრანგული სიტყვისაგან expression, რაც გამომხატველობის, სიმკვეთრერ ნიშნავს. ზოგადად ექსპრესიონიზმი ეყრდნობოდა ანრი ბერგსონის ინტუიციურ ფილოსოფიას და ედმუნდ ჰუსერლის ფენომენოლოგიას. ეს იყო მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ორი იდეალისტური მიმდინარეობა, რომელთაგან პირველი - ინტუიტივიზმი - ინტუიციის, როგორც ფარული ღირებულებითი მნიშვნელობის, შინაგანი არსის, უშუალო მიგნების, განჭვრეტის აბსოლუტირებას ახდენს; ხოლო მეორე - ფენომენოლოგია (წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან phainomenon რაც ნიშნავს წარმოჩენილს) ყოველივე გარეგანისაგან (ემპირიულისაგან) განწმენდილი ცნობიერების მიერ აღქმული და განცდილი სამყაროს უნივერსალური პრინციპების აღმოჩენას ესწრაფვის, რათა მისი ,,კონსტრუირების”, ,,აგების” წესის ამოცნობა და სისტემატიზაცია გახდეს შესაძლებელი. ორივე აღნიშნული მიმდინარეობა სუბიექტურ იდეალიზმს განეკუთვნება.

როგორც მხატვრული მიმდინარეობა, ექსპრესიონიზმი უპირისპირდებოდა რეალიზმს, ნატურალიზმს და იმპრესიონიზმსაც, ესწრაფვოდა არა რეალობის რაიმე სახით ასახვას, არამედ მისი შინაგანი არსის გამოხატვას.

აბსტრაქციონიზმზე საუბრის დაწყების წინ აუცილებელია შევნიშნოთ: აბსტრაქციონიზმი და მოარული გამოთქმა აბსტრაქცია, რომელიც აბსტრაქციონისტული ნამუშევრის აღნიშვნისთვის გამოიყენება, უნდა განვასხვავოთ გამოთქმისაგან - ,,მხატვრული აბსტრაქცია”, რომელიც მხატვრული აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხერხია და ყოველთვის არსებობდა, როგორც მხატვრულად არარსებითისგან განყენებისა და განზოგადებული სახის შექმნისათვის, ძირითადზე ყურადღების საშუალება.

ფერწერაში აბსტრაქციონიზმი ყველაზე მძაფრად გამოვლინდა. მისი განვითარება მე-20 საუკუნის მიმდინარეობებს შორის ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. დასახელება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან abstraction, რაც განყენებულს ნიშნავს. ეს მიმართულება უარყოფს რეალური სამყაროს და საერთოდ ფიგურატიული ფორმების გამოსახვას; მისი მეთოდი უსაგნო, არანივთობრივი და არაფიგურატიული გამოსახულების შექმნაში მდგომარეობს.

აბსტრაქციონიზმის ესთეტიკური კრედო მხატვარმა და ხელოვნების თეორიტიკოსმა ვასილ კანდინსკიმ გადმოსცა თავის წიგნში ,,ხელოვნებაში გონითის შესახებ” 1910 წელს. ამავე პერიოდს ეკუთვნის პირველი აბსტრაქციონისტული ხელოვნების ნაწარმოებები.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აბსტრაქციონიზმის ცენტრმა ნიუ-იორკში გადაინაცვლა. ამის მიზეზი ავანგარდისტი მხატვრების მიგრაცია გახდა. გარდა ამისა აბსტრაქციონიზმი კომერციულად ყველაზე წარმატებული სწორედ ამერიკულ არტ-ბაზარზე იყო. შეერთებულ შტატებში განვითარდა აბსტრაქციონიზმის ახალი განშტოებები და მოვიდა აბსტრაქციონისტთა ახალი თაობა, რომლისთვის შემოქმედებაში მთავარი აქცენტი საკუთრივ ნაწარმოებიდან მისი შექმნის აქცენტზე გადავიდა, ანუ თავად პროცესი აბსტრაქციის შექმნისა უფრო მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული ვიდრე აბსტრაქცია, როგორც დასრულებული ნაწარმოები. აქედან იღებს სათავესნ ე.წ. ,,action painting” ანუ ,,მოქმედების ფერწერა”, მიმართულება რომელსაც სხვანაირად ,,ტაშიზმს” (წარმოდგება ფრანგული სიტყვისგან tache-ლაქა) და ,,აბსტრაქტულ ექსპრესიონიზმსაც უწოდებენ. ამ მიმართულების მამამთავრად ამერიკელი მხატვარი ჯექსონ პოლოკი (1912-1956) მიიჩნევა. ამ მიმართულებისათვის, მხატვრულ შემოქმედებაში გაუცნობიერებელ, იმპულსურ, წმინდა ინტუიციურ და ირაციონალურ მომენტებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ამ მიმდინარეობის მხატვრებში ძირითადად ვხვდებით შეგრძნებების, განცდების, ემოციების, ტკივილის, სარკაზმის და ა.შ. გადმოცემას. კომპოზიციის მხრივ ლაქობრივი თვალსაზრისით ყველაფერი პრიმიტიულად, ხალიჩისებურადაა განფენილი თუმცა კომპოზიციური კანონზომიერება ყველგანაა.

დათო ნადირაძე

No comments:

Post a Comment