Thursday, March 24, 2011

ინტონაციურ-ვიზუალური ესთეტიკა მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტში მარცხენა ხელისათვის (რე მაჟორი, არტეფაქტებით)

მორის რაველი XX საუკუნის ფრანგი კომპოზიტორია, რომლის შემოქმედებას იმპრესიონიზმს მიაკუთვნებენ. თუმცა ვფიქრობ, რომ თავად მუსიკის ხასიათია იმპრესიონისტული, აბსტრაქტული და  ზოგადად ამ შემოქმედის მუსიკა გაცილებით მეტი ელემენტის მატარებელია, რომელიც იმპრესიონიზმს არ ახასიათებს (სიუჟეტურობა, სიმკვეთრე, განსაზღვრული, ჩამოყალიბებული დადებითი და უარყოფითი განცდა-ემოცია).

მუსიკალური და ვიზუალური ხელოვნების სახეობანი განსხვავებული მხატვრული ენითა და მასალით გამოხატავენ სათქმელს, მაგრამ შინაგანი კავშირი და ასოციაციები, რომელიც შემოქმედებით პროცესში ამოძრავებს კომპოზიტორს, მხატვარს, შემსრულებელს, მსმენელსა და მნახველს, მნიშვნელოვნად მიმაჩნია როგორც მუსიკის, ისე ვიზუალური ხელოვნების განვითარებისათვის, საშემსრულებლო ოსტატობისა და რეციპიენტის კულტურის ამაღლებისათვის. ამ შემთხვევაში მივმართავ მორის რაველის მარცხენა ხელის საფორტეპიანო კონცერტის ანალიზს, სადაც ვეცდები გამოვკვეთო ის პარალელები, რომლებიც ჩემი აზრით, არსებობს ნაწარმოების მუსიკალურ სტრუქტურასა და მის ვიზუალურ, ,,სახვით” შრეებს შორის.

მოცემულ ნაშრომში შევეხებით მორის რაველის საფორტეპიანო კონცერტს ორკესტრისა და მარცხენა ხელისათვის (რე მაჟორი 1929-1930წწ). ამ პერიოდში რაველი უკვე იცნობს გერშვინს, რაც ნაწარმოებსაც დაეტყო ჯაზურ რითმებსა და ჰარმონიებში. ეს კონცერტი რაველმა ავსტრიელ პიანისტს, პოლ ვიტგენშტეინს მიუძღვნა, რომელმაც მარჯვენა მკლავი პირველ მსოფლიო ომში დაკარგა.  ეს ფაქტი უდავოდ გასათვალისწინებელია ნაწარმოების შესრულების ან აღქმის პროცესში, რადგან კონცერტს პროგრამულობას აძლევს და სავარაუდო შინაარსს კარნახობს. არსებობს სხვა მარცხენა ხელის კონცერტებიც რომელიც ასევე პოლ ვიტგენშტეინს მიუძღვნეს სერგეი პროკოფიევმა, ფრანც შმიდტმა, რიხარდ შტრაუსმა, ერიკ ვოლფგანგ კორნგოლდმა და ბენჟამინ ბრიტენმა.

პიტერ კალვოკორეზთან ინტერვიუში (1931წ) რაველმა აღწერა განსხვავებები თავის სოლ მაჟორულ კონცერტსა და მარცხენა ხელის კონცერტს შორის: ,,ის შეიცავს ჯაზის ეფექტების საკმაო რაოდენობას, მაგრამ ხელწერა  ისეთივე მსუბუქი არაა, როგორც იქ. მსგავსი ბუნების მქონე ნაწარმოებში აუცილებელია: ტექსტურა არ ტოვებდეს შთაბეჭდილებას, თითქოს ის უფრო მწირია ვიდრე ის ნაწარმოებები, რომელიც ორი ხელისთვისაა დაწერილი. იმავე მიზეზით, ტრადიციულ საზეიმო კონცერტთან უფრო ახლოს მყოფი სტილი გამოვიყენე. ნაწარმოების ერთ-ერთი მახასიათებელი ისაა, რომ ამ ტრადიციულ სტილში დაწერილი პირველი ნაწილის შემდეგ ხდება უეცარი ცვლილება და ჯაზის მუსიკა იწყება. მხოლოდ შემდეგ ხდება აშკარა, რომ ეს ჯაზ-მუსიკა სინამდვილეში იმავე თემაზეა აგებული, რაზეც საწყისი ნაწილი”. რაველმა კონცერტზე მუშაობა 1929 წელს დაიწყო ვიტგენშტეინის შეკვეთით და იძულებული იყო შეეწყვიტა საკუთარ სოლ მაჟორულ კონცერტზე მუშაობა. ამ ნაწარმოების დაწერას მან ცხრა თვე მოანდომა ინტენსიური მუშაობით. კონცერტის პრემიერა 1932 წლის 5 იანვარს შედგა ვენაში. რაველი არ იყო კმაყოფილი შესრულებით, მით უმეტეს, რომ წვრილმანი გამონაკლისები მაინც დაუშვა ვიტგენშტეინისათვის. კონცერტის შემდეგ კომპოზიტორმა შემსრულებელს მისწერა: ,,ეს სულაც არ არის ის, რაც უნდა იყოს!” ვტგენშტეინმა უპასუხა: ,,მოხუცი პიანისტი ვარ და მეპატიებაო”. მორისმა აღარ დართო პოლს დაეკრა ეს კონცერტი შემდგომ პარიზში სანამ ისე არ შესრულდებოდა, როგორც მას სურდა. განაწყენებულმა პოლმა მიწერა: ,,მთარგმნელები მონები არ უნდა იყვნენო!” რაზეც რაველმა უპასუხა: ,,მთარგმნელები არიან მონები!”  მთარგმნელში რა თქმა უნდა შემსრულებელი იგულისხმება. 1937 წელს პარიზში ჯეიქ ფოვრიერმა ჩარლზ მუნკის დირიჟორობით შეასრულა ეს კონცერტი. ამ შესრულებაზე ვიტგენშტეინმა თქვა, რაოდენ დიდებული ნაწარმოები ყოფილა ეს კონცერტი. გთავაზობთ კონცერტის დახასიათებას მისი ორი შემსრულებლისგანაც: მარსელ მარნატი: ,,სამხედრო ქარიშხალი, ორომტრიალი, ქარბუქი და მსხვერპლშეწირვა”,  მარგარეტ ლონგი: ,,აქ ყველაფერი გრანდიოზულია, მონუმენტალური, ბრწყინვალე ჰორიზონტებისკენ მიმავალი კიბეები, საშინელი ჰოლოკოსტები სადაც იტანჯებიან სხეულები და შთაინთქმება გონი, ადამიანთა  ბრბოები სახეშეცვლილი ტანჯვისა და მწუხარებისაგან”.(1)

სანამ ნაწარმოების ინტონაციურ-ვიზუალურ ესთეტიკაზე ვისაუბრებდეთ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი სტრუქტურა. ნაწარმოების ხანგრძლივობა 18-19 წუთია. რაველი ამბობდა, რომ კონცერტი ერთნაწილიანია, ზოგის აზრით კი სამი შინაარსული ნაწილისგან შედგება - განსხვავებით კლასიკური კონცერტის ფორმებისა: ჩქარნი-ნელი-ჩქარი, მისი სტრუქტურა შებრუნებული: ნელი-ჩქარი-ნელია. ჩემი აზრით კონცერტის ერთი მთლიანი შეკრული ფორმა კომპოზიტორის მაღალი მუსიკალური გემოვნების გამოვლინებაა, რადგან მასში მოთხრობილი ამბავი ხელის დაკარგვისა (რასაც შექმის ისტორია გვკარნახობს) მოითხოვს, რომ არ გაწყდეს შინაარსი, არ იყოს ხანგრძლივი პაუზა და ლოგიკურად იყოს ყველაფერი დალაგებული. კონცერტის დასაწყისი ძალზე უცნაურია: პირველი ტაქტები ინტონაციურად გავს ორკესტრის აწყობის პროცედურას, ეს ალბათ პუბლიკის ყურადღების მიპყრობის ერთგვარი ხერხია.

მაღალ მუსიკალურ შესრულებას უდავოდ ესაჭიროება ფართო წარმოსახვა და ღრმა ემოციურობასთან ერთად, გემოვნება! აბსტრაგირებისა და ლოგიკის უნარები. თუ ნაწარმოებს კონკრეტული შინაარსი აქვს, შემსრულებელმა ყველა მხრივ უნდა უპოვოს მას გასაღები, რომ თითოეულ ფრაზას მისცეს მხატვრული გამომსახველობის ძალა, ყველა შინაარსული მნიშვნელობა, ხასიათი, ელფერი და მთლიანი ნაწარმოების ჯაჭვში ლოგიკურ რგოლებად ჩააქსოვოს ის.  რა თქმა უნდა ავტორისეული ჩანაფიქრის ზუსტ სურათს, იდენტურ ინტერპრეტაციას ვერავინ ვერ შექმნის, თუმცა მისი ცდა აუცილებელია. ეს უკანასკნელი კი აფართოებს მუსიკალური გემოვნების დიაპაზონს, ფართო და მოცულობითს ხდის მას. ხომ არსებობს ხელოვნებაში კონგენიალურობის მოვლენა, როდესაც ინტერპრეტაცია უტოლდება თავისი საშემსრულებლო დონით ორიგინალს?!

ნაწარმოების მუსიკალური მხარის დეტალურ განხილვას მის ინტონაციურ შინაარსის გადმოცემასთან ერთად მოვახდენ, რომელიც რა თქმა უნდა შექმნის ისტორიაზეა დაფუძნებული, თუმცა სუბიექტურ ელემენტებსაც შეიცავს.

დასაწყისში ისმის თითქმის ყველა მუსიკალური თემა, რომელიც კონცერტის განმავლობაში გვხვდება. ყოველივე ამას,  შეიძლება შესავალი ნაწილი დავარქვათ სადაც რეზიუმეს სახითაა მოცემული კონცერტის ძირითადი შინაარსი:  თითქოს წინასწარაა ცნობილი ის, რაც უნდა მოხდეს. საორკესტრო შესავალს მოსდევს კადენცია ფორტეპიანოს პარტიაში, რომელიც საფეხურებრივად ჩამოდის და არპეჯიოებით კვლავ მაღლა მიიწევს. ასოციაციურად ეს მომენტი თითქოს დასახიჩრებული ადამიანის პორტრეტს გავს. ამის შემდეგ კი იწყება მთავარი თემა რომელიც მეტ სიმსუბუქეს იძენს ფორტეპიანოს პარტიაში. ვფიქრობ ეს თემა ამ ეპიზოდში გათენების მოტივად უნდ აღვიქვათ. რაველი განთიადის აღწერას ხშირად მიმართავს სხვა ნაწარმოებებშიც.  ეს თემა მოწოდებითი მბრძანებლურ ჟღერადობაში გადადის, რომელიც ნელ-ნელა სამ მაჟორულ ტონალობაში  ისმის. ეს ეპიზოდი შეიძლება ჯარის, ბატალიონის ან ბანაკის სიტუაციას შევადაროთ. კადენციის ბოლოს კი ნაბიჯებისმაგვარ აკორდულ მოძრაობებს ერთვის ინტონაციურად ,,აზელილი” პასაჟი, რაც შეიძლება შევადაროთ ნაბიჯების ხმას, რომელიც გუბეში გატოპვით სრულდება.

კადენციას კვლავ საორკესტრო ნაწილი მოჰყვება, სადაც განთიადის თემა მეტ ბრწყინვალებას და მოცულობას იძენს. აქ ვიოლინოების უნისონს ლიტავრების მკაცრი ბანები ერთვის, რაც შეიძლება გათენებულ დილას და ჯარისკაცების ნაბიჯების ხმებს შევადაროთ. ამ პეიზაჟის აღწერის შემდეგ ფორტეპიანო ფორტეთი აგრძელებს შინაარსს. ჩემი აზრით ამ მომენტიდან ჩნდება პოლ ვიტგენშტეინის პიროვნება კონცერტში, სადაც ის საკუთარ გრძნობებზე საუბრობს. კონკრეტულად კი სიყვარულზე, რომელიც შორს ყავს და ამ ყოველივეს სიზმარში ხედავს, რადგან ინტონაციურად ეს მომენტი ყველაზე მუსიკალურია კონცერტში და სიზმრისეული ელფერი აქვს. ამ ეპიზოდის დასრულებისთანავე იწყება გამოღვიძება: თავიდან ზლაზვნით, გაზმორებით, შემდეგ კი უკვე მკაცრად - თითქოს გამოღვიძება მისი ვალია. ბოლოს მუსიკა ჩქარდება და გადადის ალეგრო ტემპზე.

უდავოა, რომ მეორე ნაწილის რიტმი ინტონაციურად ჯარისკაცულია, იგი კონცერტის შუა ნაწილს ფონად გასდევს. ლოგიკურია, რომ მოქმედება ჯარში ან ჯარის ნაწილში ვითარდება. ამ ადგილზე ამ რიტმს ლიტავრები და სიმებიანი საკრავების პიჩიკატოები უკრავენ. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კომპოზიტორს აქ საფორტეპიანო პარტიაში მითითებული აქვს ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი spiccato, რაც შესრულების ხასიათს განსაზღვრავს. ეს მონაკვეთი სავსეა რეჩიტატიული მომენტებით. პირველი რეჩიტატიული თემა მკაცრია - თითქოს მეთაური მბრძანებლობს და მკაცრი ნაბიჯებით დადის. შემდეგ კი უფრო დამჯერი მელოდია ისმის სამ ხმაში, თითქოს ჯარისკაცები პასუხობენო. ასეთი ინტონაციური მომენტი მეორდება სხვა ტონალობაში. ამის შემდეგ ინტონაციურად ჩივილის მაგვარი მელოდია ისმის, რასაც უფრო მკაცრი დაღმავალი პასაჟი მოყვება ყველა შავი კლავიშის დაკვრით და დაბლა სამი ტრელი აჩერებს. ეს ადგილი შეიძლება შევადაროთ ჯარისკაცის ჩივილს მეთაურთან, რაზეც მკაცრი უარი მიიღო და გაბრაზებული მეთაური ცოფებს ყრის. ამ მომენტის შემდეგ ვხვდებით ერთ-ერთ ესთეტიკურად ყველაზე ლამაზ ადგილს, რომელსაც მე წვიმის ჟინჟვლასთან ვაიგივებ. ჩემი აზრით კომპოზიტორი ბუნებრივ მოვლენებს საკმაოდ ჭკვიანურად იყენებს ამ კონცერტში, რადგან დასკვნით ნაწილში ჭექა-ქუხილის მაგვარ ჟღერადობებს გვთავაზობს. აქედან გამომდინარე დღე ან მოცემული დროის პერიოდი, რომელიც კონცერტშია აღწერილი მოღრუბლულია. ამით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარემო მონაცრისფროდ უნდა აღვიქვათ, ფერები კი წმინდა და ხასხასად, რადგან ჰაერი მტვრისგან იწმინდება წინწკვლის დროს და ხილვადობა მატულობს. ახლა კი ჩვენს მუსიკალურ ,,წვიმის” ადგილს დავუბრუნდეთ. აქ ფორტეპიანო არპეჯიოებს უკრავს, ორკესტრში კი ფლეიტები სტაკატოებით მსუბუქად აკორდულად ყვებიან მას. რაველი ერთ ლამაზ ხერხს მიმართავს: ამ წვიმაში იჭერს მის ყოველ წვეთს და გამოყოფს მხოლოდ რამდენიმეს ალაგ-ალაგ, ანუ ამ ადგილს თუ წვიმად წარმოვიდგენთ ვიგრძნობთ, რომ მისი წვეთები სხვადასხვა სიძლიერით ეცემა, ეს კი შეგრძნებას გაცილებით ნატურალურსა და კონკრეტულს ხდის და არა მთლიან შთაბეჭდილებაში განზავებულს - რაც იმპრესიონიზმს ახასიათებს. ამ ეპიზოდის შემდეგ მოდის საკრალური ადგილი, სადაც ჩასაბერები პირველ თემას უკრავენ, რაც, ჩემი აზრით ავბედითობის მომასწავლებელია. ამას კი შიგადაშიგ ჩუმად ერთვება მბრძანებლური ინტონაციის მქონე თემა. ეს ეპიზოდი შეიძლება ჯარის საიერიშო მზადებას შევადაროთ, სადაც ნელ-ნელა მიიპარებიან ჩუმად, და ამავდროულად მეთაური კარნახობს მათ. ამ ადგილებში პერიოდულად ერთვება არფა, რომელიც ინტონაციურად მისტიურ მოტივებს უკრავს - თითქოს რაღაც ცუდს მოასწავებს. კოდამდე კიდევ ერთი ადგილია, სადაც მეთაური მბრძანებლობს. მეორდება წვიმის მომენტი და ნელ-ნელა ძლიერდება. ამ წვიმას კი ერთი თვლა პაუზა მოსდევს და იწყება აკორდული მოძრაობით სწრაფ ტემპში სირბილისმაგვარი მოძრაობა რომელიც ზევით იწევს თან სწრაფრდება. აქ მხოლოდ სიმებიანი საკრავები უკრავენ მთლიანად პიჩიკატოზე. ამ აჩქარებული სირბილის შემდეგ ერთთვლიანი პაუზა მოდის: თითქოს გადაირბინეს გორაკი, უცებ გაჩაღებული ომის ველზე აღმოჩნდნენ, შეყოვდნენ წამიერად და ჩაერთვნენ ბრძოლაში. ამ ადგილზე უკვე ორკესტრი იმეორებს იმ თემას, რომელიც დასაწყისში ფორტეპიანოს პარტიაში ისმის. თემა მოწოდებით ხასიათს ატარებდა, ოღონდ ახლა გაცილებით მეტ სიმძიმეს, სიმკაცრეს და შემართებას იძენს, ფორტეპიანო კი მხოლოდ აკომპანირებას უწევს. აქ მოწოდებით აკორდს რომელიც თავდაპირველად დო, შემდეგ რე და მი ბემოლ მაჟორებში ისმის, უპირისპირდება ლიტავრების, ჩასაბერი ინსტრუმენტებისა და ფორტეპიანოს დაღმავალი პასაჟები, რომლებიც ერთად ზარბაზნების, ყუმბარების გატყორცნის ჟღერადობას იძენენ. ტონალობის აწევამდე  ფორტეპიანოს პარტიაში  აღმავალი გამის სვლა არის, ის ვიოლინოების გაბმულ ხმასთან ერთად ისმის რომელიც პიანოზე იწყება და ბოლოს ერთად მახვილით და კრეშენდოთი მთავრდება. ეს ჟღერადობა კი ძალიან წააგავს მეხის გავარდნის ხმას. კულმინაცია მი ბემოლ მაჟორში იკრიბება და მთავრდება აღმავალი გლისანდოთი ფორტეპიანოს პარტიაში. ეს გლისანდო სრულ კლავიატურას მოიცავს, მას ერთვის ვიოლინოების პასაჟი, რომელიც დიმინუენდოზე, ორ პიანოზე ჩამოდის. ამ პასაჟის ჟღერადობა უცრად ჭექა-ქუხილის შეწყვეტას გავს, სადაც ალაგ ალაგ ისმის შხაპუნა წვიმის ხმა. ჩემი აზრით ზემოთხსენებული გლისანდო არის კონკრეტულად მოქმედი გმირის ხელის მარჯვენა მკლავის დაკარგვის მომენტი. ალბათ აქვე ჩნდება კითხვა: რატომ აღიქმება მსგავსი მაჟორული თემები ასეთ ტრაგიკულ მომენტებთან? ამ კითხვის პასუხი შემდეგია: ზოგადად, მაჟორული ჟღერადობა ადამიანის გონებაში გაბრწყინებული, გასხივოსნებული შეფერილობისაა რაც ფერის მხრივ ცივი ფერია თეთრი, ცისფერი, სალათისფერი, ლიმონის ყვითელი და ა.შ. როცა მინორული პირიქითაა - თბილი, ინტიმური, ეროტიული, ცხელი, რომელიც თბილ და ცხელ ფერებში უნდა აღვიქვათ: მუქი იასამნისფერი, წითელი, ბორდოსფერი, შავი და ა.შ. აქედან გამომდინარე რაველი პირდაპირ ავლენს მაღალ ესთეტიკურ გემოვნებას: ის უკიდურეს სიმწარესა და ტკივილს ცივ ფერებთან აიგივებს. აქედან გამომდინარე ჩემი აზრით, ესაა მიზეზი თუ რატომ გამოხატავს კომპოზიტორი უკიდურეს ტკივილს მაჟორული ჟღერადობებით. მაგალითისათვის შეგვიძლია სხვა კომპოზიტორის შემოქმედება მოვიყვანოთ: პროკოფიევი პირდაპირ მაჟორულ ტონალობებში წერს ისეთ ადგილებს სადაც უკიდურეს სიმწარეს ან სარკაზმს გამოხატავს მაგ. მისი მეორე საფორტეპიანო კონცერტის მესამე და მეოთხე ნაწილები, ,,ეშმაკით აკვიატებული” თხზ.4 N4  და ა.შ. ამ კულმინაციის დროს კიდევ ერთი პატარა შტრიხია შესამჩნევი: ინტონაციურად წონის, სიმძიმის მომატება. მსგავსი მომენტი ანუ ხელოვნების მეცნიერებით ტერნიმებით განხილვა როგორიცაა წონა, ზომა, და ა.შ. კონცეპტუალიზმს ახასიათებს, რაც, ვფიქრობ, ამ ეპიზოდშიც ვლინდება - რაველმა სიმძაფრისათვის ნაწარმოების თემას წონაში მოუმატა.

ამ კულმინაციას მოსდევს მეორე კადენცია, რომლითაც მთავრდება კონცერტი. კადენცია არპეჯიოებით იწყება, რომელშიც ისმის პირველი თემა და მოსდევს სიზმრისმაგვარი ჟღერადობის თემა. შესასრულებლად მეორე კადენცია ურთულესია. აქ გამოყენებულია აბსოლუტურად ყველა ინტერვალი არპეჯიოებში, ეკლექტიზმი და ურთულესი თვლა, რომელიც დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ჩემი აზრით, კადენცია გონდაკარგული კონცერტის გმირის, პოლ ვიტგენშტეინის აგონიას, ბოდვას, ზმანებებს, მირაჟისებურ ლანდებს გამოხატავს. ის ნელ-ნელა გამოდის ამ მდგომარეობიდან, ფხიზლდება, აანალიზებს მომხდარ ფაქტს - ხელის დაკარგვას და ამ დროს შედის ორკესტრიც, რომელთან ერთადაც ფორტეპიანო სამ უშველებელ აღმავალ და დაღმავალ პასაჟს უკრავს, რაც ინტონაციურად გმინვის, ამოხვნეშისმაგვარ ჟღერადობას იძენს და კონცერტი ფრიგიული კილოს გამით მთავრდება. ეს ბოლო ტაქტიც დიდ ამოხვნეშას გავს: ეს სიმწრის ამოხვნეშაა, რომელშიც ჩატეულია ის უკიდურესი ტკივილი და სიმწარე, რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს მკლავის დაკარგვისას როგორც ფიზიკურდ, ისე მორალურად, განსაკუთრებით მაშინ, თუ გმირი პიანისტია.

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რაველის აღნიშნული ნაწარმოები შეიცავს მკვეთრ ემოციურ, იმპრესიულ ანუ შთაბეჭდილებით ელემენტებს, ამავე დროს ნატურალისტური კონკრეტულობით გამძაფრებულ ჟღერადობრივ ეფექტებსაც, რაც ფართო საფუძველს ქმნის როგორც შემსრულებლისთვის, ისე მსმენელისთვის ვიზუალური ხატებით მუსიკალური შთაბეჭდილების გამდიდრებისათვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. www.maurice-ravel.net



§ ვიზუალურ-მხატვრული მხარის ანალიზი


რაველის ამ ნაწარმოებზე ორი ვიზუალური მასალა შევასრულე: ერთი - მკლავის დაკარგვის ჩემებური ვარიანტი და მეორე - პორტრეტი, როდესაც გმირი აგონიიდან გამოდის და აანალიზებს თუ რა დაემართა მას (ბოლო ტაქტები).

  1. მკლავის დაკარგვის ეპიზოდი ზეთში შევასრულე ზეთის ქაღალდზე.  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს ომის ეპიზოდია: სანგარი, ყუმბარები, ჭექა-ქუხილი ჯარის ნაბიჯები და ა.შ. აქ გამოვსახე მკლავდაკარგული, სანგარში დაცემული პიანისტი პოლ ვიტგენშტეინი, რომლის სახეც ყველა იმ ელემენტის მატარებელია, რომელ ნაკვთშიც შეიძლება ადამიანმა გაიაზროს უკიდურესი ტკივილი, სიმწარე, ცივი ოფლი და სხვა. ზედა ნაწილში კი გამოვიყენე პირველი მსოფლიო ომის ბატალური ეპიზოდების ფოტოებიდან ფიგურები, რომლებიც სანგარზე ხტებიან. ეს ვიზუალური პერსპექტივა ამძაფრებს გმირის დაცემის შეგრძნებას, რასაც სანგირის პერსპექტივის კონტურებიც ეხმიანება. ცაზე დაკლაკნილი ელვა კი აწესრიგებს იმ ფორმებს, რომლებიც პერსპექტივისთვისაა გამოყენებული.


http://roomp3.com/mp3/36129/Piano_Conferto_For_The_Left_Hand/Ravel/ - აუდიო ფრაგმენტი - ბატალური სცენა




  1. 2.      აგონიიდან გამოსვლის ეპიზოდისთვის გამოვიყენე დრამატიზებული ტორსი. სხეულის კონტრაპოსტის კულმინაცია დაძაბულ ხელშია გადატანილი, რომელიც სახესთან ერთად გამოხატავს უკიდურეს ტკივილს. ამ ნახატში გარემო შედარებით დაწყნარებულია ვიდრე ბატალურ სცენაში, რაც გარკვეულ თხრობისეულ ელემენტსაც იწვევს მათ შორის.


http://roomp3.com/mp3/36131/Piano_Concerto_For_The_Left_Hand_2/Ravel/ - აუდიო არტეფაქტი






No comments:

Post a Comment