ჯონ კეიჯი - 4:33 ინტონაციური მხარის ანალიზი
კეიჯი მე-20 საუკუნის II ნახევრის კომპოზიტორია, რომელიც გამოირჩევა ნოვატორობით და გამომგონებლობით. შოენბერგს კითხეს აზრი კეიჯის შესახებ, როგორი მუსიკოსი იყო ჯონი. მან უპასუხა, რომ კეიჯი მუსიკოსი კი არა ,,გენიალური გამომგონებელი” იყო. კეიჯის შემოქმედებაში ასევე დიდი როლი ითამაშა აღმოსავლურმა ფილოსოფიამ. კერძოდ - ბუდისტურმა, რომელმაც გარკვეულწილად განსაზღვრა მისი შემოქმედების მიმართულების ნაწილი.
მე ვიკვლევდი იმ მეთოდებს, რომლითაც ჯონ კეიჯი დეკონსტრუქციას უკეთებს ხმაურსა და მუსიკას. თუმცა უფრო ახლობელია მეთოდი, რომელიც მუსიკისა და სიჩუმის დამოკიდებულებაში მჟღავნდება. ”ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სიჩუმეს ისეთივე ყურადღებით, როგორც ბგერებს” [R. Kostelanetz 2003: 18] , წერს კეიჯი. მისი ამოსავალი წერტილი არის მარტივი, მაგრამ კრიტიკული დაკვირვება, რომ მუსიკა შედგება ბგერებისა და სიჩუმისაგან.
კეიჯი სიჩუმის სივრცით გააზრებას დიდ დროს უთმობდა, რაც მეტყველებს, რომ სივრცულობა, როგორც სამყაროს არქიტექტონიკულ -პლასტიკური-ტოპოლოგიური აღქმის მომენტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ავანგარდულ მუსიკაში - ეს კიდევ უფრო ზრდის მუსიკალური და ე.წ. პლასტიკური-სახვითი ხელოვნების პარალელების მნიშვნელობას. სიჩუმე, როგორც სივრცე, რომელიც უკვე დაავადებულია ბგერებით. და პირიქით! სიჩუმესა და ბგერას შორის ურთიერთობა ხდება უფრო კომპლექსური. კეიჯისთვის უკვე აღარაა საკმარისი იმის მტკიცება, რომ სიჩუმე და ბგერა ერთმანეთზეა დამოკიდებული, არც იმის, რომ ბგერა იბადება სიჩუმისგან. კეიჯი ატრიალებს იდეას: სიჩუმე ჟღერს ბგერებში. სიჩუმე ხდება უფრო აშკარა, როდესაც მისი ნაკვალევი ხმებში შეიმჩნევა. ”მუსიკა უკვე ფლობს უხმობას (სიჩუმეს)” წერს კეიჯი [R. Kostelanetz 2003: 24].
ჯონ კეიჯის შემოქმედებაზე საუბრისას მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 20-ე საუკუნის ფრანგი მხატვაირ ივ კლაინი, რომელიც ,,ახალი რეალიზმის” ერთ-ერთი ფუძემდებელია. კლაინიც კეიჯის მსგავსად იკვლევდა სიჩუმის და სიცარიელის ფენომენებს. მას ეკუთვნის უზარმაზარი მონოქრომული სიმფონია რომელიც 20 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთი გაბმული ნოტისაგან შედგება. პერფომნენსულ პიესებში ,,არამატერიალური გრძნობადი ფერწერული ზონა” (Zones of Immaterial Pictorial Sensibility1959-1962) ის ქალაქში ცვლიდა ცარიელ სივრცე-ფართებს ოქროზე და თვლიდა რომ სიცარიელის შეგრძნება ადამიანს შეიძლება მხოლოდ ძვირფასეულობის გაცვლა-დაკარგვის შემდეგ გასჩენოდა.
ამ პროექტისთვის განვიხილავ კეიჯის კომპოზიციას 4:33. მისი მოკლე აღწერა ასეთია: შემსრულებლები ან შემსრულებელი ჯდება დასაკრავად და 4 წუთისა და 33 წამის შემდეგ დგება. მუსიკა კი ის ბგერებია, რაც ამ დროის მონაკვეთში ისმის დარბაზში. ეს შეიძლება იყოს ჩახველება, ჩოჩქოლი, ჭრიალი, თასმის შეკვრის ხმა და ნებისმიერი ქმედება რომელიც რაიმე სახის ხმას გამოსცემს.
http://www.youtube.com/watch?v=gN2zcLBr_VM - აუდიო მასალა
§ ვიზუალურ-მხატვრული მხარის ანალიზი (დანართი 9)
კონცეპტუალიზმი, ანუ კონცეფტუალური ხელოვნება ავანგარდიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც ხელოვნებას განიხილავს მეცნიერებაში გავრცელებულ ცნებათა მაგალითად: წონა, ზომა, ყოფა, ხიბლი და ა.შ. - უთვალავ დემონსტრაციის საშუალებად. ამისთვის ის იყენებს უთვალავ მასალას, რომლებსაც ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები ,,დოკუმენტაციას” უწოდებენ. ასეთი მასალა ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს - ტექსტიდან დაწყებული - სხეულებით დამთავრებული, მთავარია ისინი კონცეფტუალიზმის ფარგლებში მოკლებული იყვნენ თავიანთ ესთეტიკურ-პლასტიკურ საწყისს. თავად მიმდინარეობის ძირიტადი სახელი ,,კონცეფტუალიზმი” წარმოდგება ინგლისური სიტყვიდან concept, რაც ცნებას, იდეას, ზოგადად წარმოდგენას ნიშნავს და ამ ზოგადი ცნებების ილუსტრირება-დემონსტრაციის ხასიათის მიხედვით გამოარჩევენ განშტოებებს საკუთრივ კონცეფტუალიზმის შიგნით. ცოცხალ სხეულებზე ნიშნულების მიხედვით - ,,ბოდი არტი”, სახიობისას და წარმოდგენისას - ქმედების მიხედვით - ,,პერფორმენსი”, ბუნებრივ რელიეფზე გარკვეულ ქმედება-მონიშნებებით - ,,ლენდ არტი”, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებით - ,,ვიდეო არტი” სხვადასხვა ეპოქათა მხატვრების ნაწარმოებთა ასლებისა და რეპროდუქციების მასალად გამოყენების მიხედვით - ,,კულტურული ხელოვნება”. კონცეფტუალისტები უარყოფენ ტრადიციული მხატვრული მასალებისა და მათთან დაკავშირებული მხატვრული გამომსახველობის ხერხებს, ვინაიდან მასში ხელოვნებაში კონერციული ინტერესის შემოჭრის საშიშროებას ხედავენ, რომელიც მათი აზრით ხელს უშლის მნახველს კონცეფციაზე ორიენტირებაში, ნაწარმოების სრულად აღქმასა და გაგებაში. კონცეფტუალისტებისათვის ნაწარმოებში მთავარია არა ესთეტიკურობა, არამედ ფუნქციონალური თვალნათლივობა.
ჯოზეფ კოშუტი ასე გამოხატავდა კონცეპტუალური ხელოვნების არსს: ,,ფიზიკური გარსი უნდა დავანგრიოთ, რადგან ხელოვნება ეს იდეის ძალაა, და არა მასალისა,” [ჰ.ზელდმაირი 2009: 15] ამასვე ეხმიანება დუგლას ხიუბლერის გამონათქვამი: ,,ხელოვნებას არაფერი აქვს საერთო, რომელიმე განსაზღვრულ საგანთან” [ჰ.ზელდმაირი 2009:16]. თუმცა უფრო შორს მიდის ჯეკ ბერნხეიმი, რომელიც კონცეფტუალურ ვერბალურ ტექსტებს კომპრომისად მიიჩნევს და ამბობს, რომ კონცეფტუალური ხელოვნების იდეალურ საშუალებას ტელეპატია წარმოადგენსო (ჰ.ზელდმაირი 2009).
ამ შემთხვევაში მივმართავ მხატვრულ მასალას, რომელიც წმინდა კონცეპტუალური თვალსაზრისით გარკვეულ ესთეტიკურ ,,კომპრომისად” შეიძლება ჩაითვალოს. წმინდა გონებაჭვრეტითი კონცეფტუალიზმის პოზიციებიდან. ნაწარმოების ვიზუალურ მასალად ქცევისათვის ვფიქრობ გავაკეთო აპლიკაცია, სადაც ნივთები იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც შეიძლება გამოსცენ ბგერა. ჩემი აზრით საინტერესო იქნება თეთრ ფონზე განთავსებული ნივთები, რომლებიც სხვადასხვა, ქაოტური მანძილით იქნება ერთმანეთისგან სამ განზომილებაში დაცილებული, ისევე როგორც ბგრები იქნებოდა ქაოტურად არეული დარბაზში კონცერტის მსვლელობის დროს. თეთრი ფერი იმტომ, რომ ჩემთვის სიჩუმესთან ასოცირდება, ასევე შეიძლება თეთრი რაღაც შეუქმნელს შევადაროთ ამ კონტექსტში, რომელიც დროშია გაწელილი. გარდა ამისა ამ შემთხვევაში შეუძლებელია 4 წუთის და 33 წამის განმავლობაში ბგერებს ქონდეს შეკრული ფორმა, ამის გამოსახატავად თეთრი ფონის გვერდები წარმოდგენილია ბაცად. ნივთები ქაოტურად განვათავსე, ბგერებს შორის დროის მანძილის უზუსტო ვარაუდით.
[caption id="attachment_192" align="alignnone" width="640"]

No comments:
Post a Comment