Wednesday, July 27, 2011

რიხარდ ვაგნერი - ვალკირიების გაფრენა ინტონაციურ-ვიზუალური ანალიზი

რიხარდ ვაგნერი - ოპერა ,,ვალკირია” (ტეტრალოგიის ნაწილი ნიბელუნგების ბეჭედიდან)


ვილჰელმ რიხარდ ვაგნერი გერმანელი საოპერო კომპოზიტორი, დირიჟორი, დრამატურგი (საკუთარი ოპერების ლიბრეტოს ავტორი), ფილოსოფოსი,რევოლუციონერი. საუკუნეთა გასაყარზე ევროპულ კულტურაზე უდიდესი გავლენა მოახდიინა - განსაკუთრებით კი მოდერნიზმზე. მეორეს მხრივ მისმა მისტიციზმმა და იდეოლოგიურმა ანტისემიტიზმმა დადი გავლენა მოახდინა XX საუკუნის გერმანულ ნაციონალიზმზე და მათ შორის ნაციონალ-სოციალიზმზე.

ტეტრალოგიიდან მეორე ოპერა ,,ვალკირიაში” ფერადოვანი ეპიზოდები უკანა პლანზე იხევს: ,,ვალკირიას” ცენტრში დიდი, ტრაგიკულად დიდებული დრამა დგას. დრამა მოიცავს არა მარტო სიყვარულის გამო ადამიანთა კანონების დამრღვევი ზიგმუნდისა და ზიგლინდას, არამედ ვალკირია ბრუნჰილდას ბედსაც. ისინი ვოტანის შვილები არიან, იგი მათგან ელის დახმარებას. ვალჰალას გარდაუვალი აღსასრულის შესახებ ედას წინასწარმეტყველების წინააღმდეგ, ვოტანი ცდილობს გააგრძელოს თავისი ძალაუფლება.იგი იმედოვნებს, რომ ავბედითი ბეჭედი (ახლა მას ურჩხულად გადაქცეული ფაფნერი დარაჯობს) დაუბრუნდება რაინის ქალიშვილებს და ამის შემდეგ გადაიწევს ღმერთების დაღუპვის ვადა, ღმერთებისა, რომელთაც სიცრუეზე და ძალადობაზე ააგეს თავისი სამეფო. ვოტანი სიკვდილით სჯის ზიგმუნდს, რომელმაც ხელი შეუშალა მის გეგმებს, ხოლო ბრუნჰილდას, რომელიც მამის წინააღმდეგ გამოექომაგა ზიგმუნდს. იგი ვალკირიებისაგან მოკვეთს და  და ადამიანთა შორის მომდევნო ცხოვრებისათვის წირავს მას.

ოპერის მუსიკაში დრამატიზმის უდიდესი ძალა არის მოქცეული. ღრმად შთამბეჭდავია მისი დასაწყისი: მქუხარე ქარიშხლის ბგერების თანხლებით მძიმედ დაჭრილი ზიგმუნდი შეიჭრება ზიგლინდას ბინაში - მას ზიგლინდას მეუღლის - ჰუნდინგის ნათესავები მოსდევენ. მოულოდნელად ანთებული ვნება პოეტურად არის ასახული ფართო მღერადი თემით, რომელიც აღფრთოვანებული და ამასთან სევდიანი სიყვარულის გრძნობას გამოხატავს.

ბევრი პოეზიაა ზიგმუნდის გულწრფელ თხრობაში საკუთარი ცხოვრების შესახებ  და სურათის დამამთავრებელ ვრცელ სატრფიალო დუეტში, რომელიც გაზაფხულის საამო სუნთქვით არის მოსილი. აქტის ცენტრში ზიგმუნდის გმირული მონოლოგია: იგი დაეუფლა ველზეს (ასე ეძახდნენ ვოტანს მაშინ, როდესაც იგი უცნობის სახით მოგზაურობდა ადამიანებს შორის) გოლიათურ ხმალს - ეს ხმალი რომელსაც ნოტუნგი ეწოდება, გამარჯვებას უქადის მას.

,,ვალკირიაში” გამომსახველობის სხვა ფორმებიც არის წარმოდგენილი. სტიქიური სიმძლავრით, შეუკავებელი ძალით არის გამსჭვალული ვალკირების გაფრენის მუსიკა. ოპერის ეს ფრაგმენტი ფართო პოპულარობით სარგებლობს სიმფონიური პიესის სახით. ღრმა ფსიქოლოგიზმი ახასიათებს გრძნობების დრამატიზმით ამაღელვებელი სცენების რიგს. ზიგმუნდისა და ზიგლინდას შეხვედრის სცენასთან ერთად, მათ მიეკუთვნება ვოტანის მონოლოგი II აქტში და სიკვდილის მაცნის - ბრუნჰილდას ტონით სევდიანი და საზეიმო ხასიათის საუბარი ზიგმუნდთან: დიალოგი გვაოცებს დეკლარაციის გამომსახველობითა და ჰარმონიების სილამაზით.

ვაგნერის გენიის საუკეთესო მხარეები თავმოყრილია ოპერის დასკვნით სცენაშიც - ვოტანის დიდებულ-სევდიან გამოთხოვებაში საყვარელ ქალიშვილთან და ცეცხლის შელოცვის ფერადოვან სფეროში.

http://roomp3.com/mp3/36128/Valkure/Wagner/ - აუდიო ფრაგმენტი

§ ვიზუალურ-მხატვრული მხარის ანალიზი (დანართი 3)


            სიუჟეტად ამ ვიზუალურ მასალაში ავიღე ოპერის ბოლო მოქმედებიდან შესავალი მუსიკა - ვალკირიების გაფრენა. აქ ტრელები, რომლებსაც დასაწყისში სხვადასხვა საკრავები უკრავენ აღვიქვი როგორც ჰაერში გასროლილი გატყორცნილი ვალკირია, ხოლო მთავარი თემა შევადარე მათ ბრუნვასა და მოძრაობას ჰაერში.

ნახატი ზეთშია შესრულებული ზეთისავე ქაღალდზე გრაფიკული და ნახევრად პლაკატური სტილით, ჰორიზონტალურ ვერტიკალურ მდგომარეობაში (ფრენის შეგრძნების გასამძაფრებად). თითოეულ ვალკირიას მე მოვიაზრებ განსხვავებული სამყაროს მატარებელ არსებად, რადგან ისინი ქალწულები არიან, ამ ასაკში კი ადამიანებს განსაკუთრებული გრძნობები აქვთ და ყველაფერს განსხვავებულად და განსაკუთრებით ინდივიდუალურად აღიქვამენ. სწორედ ამიტომ თითოეულ ვალკირიას მის მიერ ნამოძრავებ სივრცეზე საკუთარი წმინდა ფერი მივანიჭე, რომელიც არ შეიცავს სხვა დამატებით ფერს და არ ერწყმის სხვა ვალკირიის მიერ განვლილ გზას. ამით თითქოს მათ ინდივიდუალიზმს და გრძნობების ხელშეუხებლობას ვამტკიცებ.

ვიზუალურად ამ სწორხაზოვნების გამართლებისთვის მივმართე წმინდა გეომეტრიულ დაპირისპირებას: სწორხაზოვნად ჩასხმულ ვალკირიების სიბრტყეებს ფონში დავუპირისპირე მრგვალი და ოვალური ფორმები ფონში, რამაც სასურათო სიბრტყე შეკრა. ფონში წრეების განლაგება ზედა ნაწილში მოვახდინე, რომ ვალკირიების ფრენისა, უწონადობის შეგრძნება გამეძლიერებინა და მათი ფრენის მიმართულებისათვის ხაზი გამესვა.

თავად ვალკირიების ფიგურები შევეცადე ესთეტიკურად დახვეწილ ფორმებში შემესრულებინა. ისინი რამდენადაც ლამაზი ქალები -  იმდენადვე მტკიცე ხასიათის მატარებელი მებრძოლები იყვნენ.

No comments:

Post a Comment