იოჰან სებასტიან ბახი - II პრელუდია კარგად ტემპერირებული კლავირის I ტომიდან, დო მინორი, მუსიკალურ კონპონენტთა ანალიზი
ბახის პრელუდიების გარჩევის დროს, მუსიკური თვალსაზრისით ჩნდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების ურთიერთქმედება. აღმავალი და დაღმავალი ბგერების, ფორტესა და პიანოს, ტონალობის აღმა და დაღმა სვლით.
აქ განვიხილავ ბახის კარგად ტემპერირებული კლავირის მეორე პრელუდიას. მისი ტონალობა დო მინორია, მოცულობით საკმაოდ პატარა, 2 გვერდია. შესრულების დროს კი სწრაფ ტემპში (allegro) იკვრება. მასში ჩემი აზრით ჩანს, როგორ მიიწევს ადამიანის სტატიური გონება ზეცისაკენ. რაღაც მანძილის გავლის შემდეგ სიძნელეებს აწყდება, ეწინააღმდეგება, მაგრამ მაინც გადალახავს ამ ბარიერს. ამის შემდგომ ღრუბლებს ზემოთ მისი გონება მზის სხივებით თბება, იძენს ძალას და ახლდება. ბოლოს კი თითქოს ღვთაებრივ ნეტარებას განიცდის. მოულოდნელად ყველაფერი ეშვება უკან, მიწაზე და ბოლო ტაქტში ჩნდება ზემოთ ნანახი შთაბეშდილების გადმოცემა თითქოს რეჩიტატიული, პატარა ფრაზით მაჟორულ ტონალობაში.
http://roomp3.com/mp3/36126/Bach/Bach_Prelude_No2_Richter/ აუდიო მასალა
§ ვიზუალურ-მხატვრულ მხარის ანალიზი (დანართი 1)
აღმავალი და დაღმავალი მუსიკალური ვექტორები (ხაზები) სახობრივ-მხატვრულ განცდაში იძენენ სიღრმისეულ, სივრცულ გამოხატულებას, ანუ ბახის პრელუდიების ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებს წარმოსახვაში მესამე განზომილებაც ახლავს, თანაც ისეთი მძაფრი, რომ ბახის პრელუდიები ყველაზე უფრო სივრცული, უკიდეგანო ობიექტის - ზეცის ასოციაციას იწვევს.
ამ ნახატის მასალად ავირჩიე შავი ტუში თეთრ ფორმატზე. შაფი იმიტომ, რომ ბახის ტრაგიკულ, ცხოვრებისეულ ყოფიერებას ყველაზე ნათლად გამოსახავს. აქ პირდაპირ გამოვსახე ორი ადამიანის განზოგადებული სახე, რომლებზეც შეგნებულად არ მივანიშნე სქესი. მათი სახეები ზევით მიიწევს ნახატის ხაზებთან ერთად. პრელუდიის ჩემებური ინტერპრეტაციის მსგავსად, ხაზები დაბლა კლაკნილია, ზემოთ კი იკრიბება და უფრო მეტად მრგვალდება. ეს მომრგვალების ადგილი ადამიანის სიძნელის გადალახვის პერიოდს აღნიშნავს. ხოლო ბოლო ორი, რბილი ხაზით, იმ ნეტარებას გამოვსახავ, რომელიც გონებამ ზეცაში ჰპოვა. ნახატის ცენტრში ადამიანის მოძრავი სილუეტი დავხატე, რომელიც ამ გონებრივი მოძრაობის მატერიალური სახეა. ის წელში მოხრილი, დაღლილი ადამიანია, რომელიც ყველანაირი სირთულის მიუხედავად წინ მიიწევს, ის ყველა სახის ფიზიკურ სირთულეს გადალახავს, ოღონდ ნეტარებას მიაღწიოს. იმისათვის რომ სიმაღლეში ზრდის ეფექტი მიმეღო, კომპოზიციის ცენტრი სასურათო სიბრტყის ზედა ნაწილში მოვათავსე, ყველა ფიგურის ხაზი, კონტური, ფორმა და მიმართულება ნახატის შინაარსს და იდეას პასუხობს.

No comments:
Post a Comment