სერგეი რახმანინოვი - მეორე საფორტეპიანო კონცერტის (პირველი ნაწილი), დო მინორი. მუსიკალური და ვიზუალურ-მხატვრულ კონპონენტთა ანალიზი
სერგეი ვასილის ძე რახმანინოვი რუსი კომპოზიტორია რომლის შემოქმედებას გვიანი რომანტიზმის ეპოქას მიაკუთვნებენ. მისი მუსიკა მდიდარია ვიზუალური მასალით, ცხოვრებისეული მენტალური ბგერებით და რეალისტური გამომსახველობითი ფორმებით. კომპოზიტორი პირდაპირ იყენებს ზარების რეკვის, ნაბიჯების ხმებს, მოდერნისტული შენობების, ფიზიოლოგიური სუნის, მარტოობის და მსგავსი მატერიალური თუ არამატერიალური საგნების ინტონაციურ ჟღერადობებს.
ეს კონცერტი 1900-1901 წლებშია შექმნილი, რომელიც რახმანინოვმა დეპრესიის შემდეგ დაწერა. ფორმა სამ ნაწილიანია. მართალია მეთოდურად მცდარია კონცერტის მხოლოდ ერთი ნაწილის განხილვა, მაგრამ კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე თავს უფლებას ვაძლევ, მხოლოდ პირველი ნაწილის ვიზუალურ-მხატვრულ მხარესა და მათი გადაკვეთის წერტილებზე ვისაუბრო. ავტორმა ნაწარმოები თავის ფსიქოლოგს, ნიკოლაი დაჰლს მიუძღვნა. საჭიროდ მივიჩნევ ამ შემთხვევაში დეპრესიის, როგორც მამოტივირებელი ფაქტორისათვის დამახასითებელი თვისებებისა და შედეგების მოკლედ განხილვას.
დეპრესია საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ფსიქოლოგიაში დეპრესიათა კლასიფიკაციაში აღნიშნულია ოტი ტიპი: ფიზიოლოგიური ფაქტორებით და ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული დეპრესია. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, რაც დეპრესიისათვის დამახასიათებელია:
- დაქვეითებული გუნება-განწყობა, სიცარიელის, სევდის შეგრძნება, ასევე გარშემომყოფთა დაკვირვების შედეგად (ხშირი ტირილი). სევდის მაგიერ შესაძლოა ჭარბობდეს გაღიზიანება.
- ინტერესების შემცირება და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება
- უძილობა ან ჭარბი ძილიანობა.
- ფსიქომოტორული (მოძრაობითი) შენელება ან პირიქით აჩქარება/აგზნება.
- დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა.
- თითქმის ყოველდღიური საკუთარი უვარგისობის, არარაობის და ბრალეულობის გადაჭარბებული შეგრძნება.
- აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრიტრების გაძნელება.
- სუიციდური აზრები, ფიქრები სიკვდილის შესახებ (მაგრამ არა სიკვდილის შიში). (15)
ამ მუსიკალური ნაწარმოების ვიზუალურ-ნივთობრივ მასალად გარდაქმნის პროცესში საჭირო გახდა დეპრესიის ძირეული მახასიათებლების აღნიშნვა და გათვალისწინება. არ შევეხები ნაწარმოებს მთლიანად, მხოლოდ მის ნაწილებს განვიხილავ რამდენიმე ვიზუალური მაგალითის გამოსაყენებლად.
კომპოზიტორებს და მუსიკოსებს ტონალობის ექსტრაორდინალური შეგრძნება ახასიათებთ. მიუხედავად საერთო მაჟორული და მინორული ხასიათისა, ისინი უდავოდ განსხვავდება ჟღერადობით, კერძოდ სიმძაფრით, სიმძიმით, უიმედობით, ბრწყინვალებით, სადღესასწაულო მხიარულებით და ასე შემდეგ. მაგალითად სკრიაბინი ყველა ბგერას ფერით აღიქვამდა. მისი ხედვით ბგერა ,,დო” წითელი ფერისაა.(14) უდავოა რომ ,,დო”-ს ჟღერადობა და ტონალობა მძიმე და თბილი ფერია, მაგრამ ჩემი წარმოსახვით დო მინორი უფრო ბორდოსფერია, ვიდრე წითელი. აქედან გამომდინარე, შესრულებულ ნახატებისა თუ ესკიზების ხასიათში ამ დეტალის გათვალისწინება ან განსაზღვრა აუცილებელია.
კონცერტი ფორტეპიანოს პარტიით იწყება. ჯერ ჩუმად, ორ პიანოზე, ძლიერდება და ბოლოს ხმამაღლა დასკვნის სახით გადადის აკომპანიმენტში, რის შემდეგაც კონცერტის მთავარი თემა იწყება. ეს შესავალი ძალიან გავს ზარების რეკვას, ოღონდ აქ კომპოზიტორის გემოვნება უბრალოდ ზარის რეკვას არ წერს, არამედ ამ შესავალ წინადადებაშივე აჩენს მოქმედ პირს, პერსონაჟს ან თუნდაც რეციპიენტს და მუსიკალურ ბგერას სამ განზომილებას აძლევს: სუბიექტი შორს არის, რომელიც მოძრაობს და მის მიახლოებასთან ერთად ზარის რეკვის ხმაც ძლიერდება (განზომილების გაგებას და მის აღქმას მოცემულ კონტექსტში შემდგომში განვიხილავთ). მთავარი თემა (როგორც რუსულ მუსიკას ჩვევია), ზომით დიდია, თუმცა ამ შემთხვევაში არც თუ ისე მოძრავი. ის მონოტონური ხასიათისაა და, ჩემი აზრით, ადამიანის დეპრესიულ მდგომარეობას, გოდებას ან დაკრძალვის ცერემონიას უნდა გამოხატავდეს. თემის პირველი ბგერები პირდაპირ კავშირს იწვევს ვიზუალურ ხატებთან - თითქოს დამწუხრებული და დაღლილი ადამიანის მძიმე ნაბიჯების ხმა მიაცილებს დაკრძალვის ცერემონიას. ჩემი აზრით, ამ თემაში კომპოზიტორის რეჟისორული ნიჭიც ვლინდება: რახმანინოვი გვიჩვენებს მოძრავ კადრს, სადაც მძიმე ნაბიჯები ჩვენების შემდეგ დაკრძალვის ცერემონიის პლასტიკურ-დინამუკური სახე თითქოს მთლიანად წარმოგვიდგება.
მთავარი თემის შემდეგ თემა მი მაჟორში ვითარდება. ეს თემა, ჩემი აზრით, გამოხატავს სუბიექტის მიერ მონატრების განცდას, რაღაც ფორმით განვლილი ცხოვრების გადახედვას, ერთად გატარებულ დროს, განცდილი გრძნობების გახსენებას. ჩემი ვარაუდის გასამყარებლად ფრენკ სინატრას სიმღერას - ,,მე შენზე ვფიქრობ”(frank sinatra - I Think of You) მოვიყვან. სავარაუდოდ სინატრას სიმღერა ამ კონცერტის მეორე, მი მაჟორულ თემაზე დაწერა თავად სინატრამ და მისი ტექსტი იდენტურია ჩემი მოსაზრებისა თემის შინაარსზე. მაგალითისათვის მოვიყვან ტექსტსაც:
frank sinatra - I Think of You lyric In the hush of evening | ფრენკ სინატრა - მე შენზე ვფიქრობ ტექსტი საღამოს სიჩუმეში როგორც ჩრდილები მალულად დაიარებიან ჩემს მარტოხელა ოთახში მე შენზე ვფიქრობ მე შენზე ვფიქრობ მუსიკისგან მოშორებით ვიოლინოები შემპარავად, სევდიდან მოდიან მხოლოდ შენზე ფიქრი შემიძლია ო, მე გხედავ შენ ჩემს წინ მე მესმის როგორ ჩურჩულებ შენ მაღმერთებ და როცა ბინდი წვება მე ისევ ძველი მშვენიერებით ვცხოვრობ მე შენზე ვფიქრობ მე შენზე ვფიქრობ |
პირველი ნაწილის დასასრულს ისმის მთავარი თემა ოდნავ სახეშეცვლილი ვარიანტით ვიოლინოების პარტიაში, რომელიც ისტერიულ ზუზუნს გავს, თითქოს ადამიანს იმ ტრაგიკულ მდგომარეობას ახსენებს, რაშიც იმყოფება. ტემპი იმატებს და თითქოს ეს ყოველივე ალბომში ჩაკრული ეპიზოდი იყოვო ისე მთავრდება ეს ნაწილი.
http://roomp3.com/mp3/36127/Culmination/Rachmaninov_Piano_Concerto_No2/ - აუდიო მასალა
§ ვიზუალურ-მხატვრული მხარის ანალიზი (დანართი 2)
ამ კონცერტიდან სიუჟეტად ავიღე კულმინაციის მომენტის ვიზუალური მხარე - ზარების რეკვის მომენტი. ნახატი სტრუქტურულად რთულ სივრცობლივ, პლანობრივ და შუქ-ჩრდილებრივ კონტექსტებშია გადაწყვეტილი. სიუჟეტი გუმბათოვანი ნაგებობის სივრცეში ხდება, რომლის სტრუქტურაც ცილინდრულია, მასში გამოყენებული ყველა ფორმა მთლიანი ფორმის (ცილინდრის) განმეორებაა მოდელირებული სახით. ესენია ძირითადი ფიგურები: ზარები, დახვეული თოკები და ადამიანის ფიგურა. ზარები სხვადასხვა სიდიდის, მოცულობის და წონისაა, თუმცა თბილი ფერის, რადგან კულმინაციის ინტონაციური მომენტები მინორულ ტონალობებში (სოლ და დო მინორი) ჟღერს.
ფორმების მხრივ ნახატი მრგვალ, ჰარმონიულ ფორმებშია გადაწყვეტილი. ზემოთ ზარებსა და დაბლა ფიგურასა და სივრცეს შორის კომპოზიციურად დამაკავშირებელი საგნები თოკებია, რომლებიც პერსპექტიული გაშლილობებით სასურათო სიბრტყის ქვედა ნაწილის მასიურობას და სიმძიმეს მატებს - ეს უკანასკნელი დედამიწის მიზიდულობის კანონის ვიზუალური განმეორების მცდელობაა მოცემულ სურათში.
თავად ფიგურა ზარების რეკვის, თოკების გამოქაჩვის მოძრაობის მომენტშია დაფიქსირებული. მკლავები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული რაც, ვიზუალური ფორმების თვალსაზრისით მკლავებიდან თოკებზე გადასვლას (ან პირიქით) ლაკონურს და ლოგიკურს ხდის. ფიგურის ტანსაცმლის ნაოჭები კი იმეორებს იმ ,,სიმღერას”, რომელსაც ზარების თოკები მღერიან.
ფერის მხრივ ამ ნამუშევარში მოვერიდე სპექტრალურ ფერებს. ნამუშევარი შესრულებულია ზეთში, ზეთის ქაღალდზე.
ამ ვიზუალური მხარის განხილვაში, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მასალა როგორც ლოგიკურად, ისე ვიზუალურად და თემატურად შეკრულია და ერთ მთლიან მხატვრულ ფორმას წარმოდგენს.
No comments:
Post a Comment