Tuesday, May 17, 2011

ტოპოსი ვიზუალურ ხელოვნებაში

რევოლუციური გარდაქმნა ფიგურატიულ პლასტიკაში ჯერ კიდევ ანტიკურობაში მოხდა, რასაც შემორჩენილი თეორიული მემკვიდრეობა მომწმობს. ფეოდალურ სამყაროში, მაგალითად ბიზანტიური ხელოვნება რამდენიმე საუკუნით კვლავ უბრუნდება ფრონტალურობას, ფიგურის სქემატურ, არამოცულობით ხასიათს, რაც რელიგიის სპირიტუალურმა ხასიათმა განაპირობა. გამოსახულება ღვთაებრივი სამყაროს ნაწილად იყო მიჩნეული, ამიტომ ფიგურა-სხეული და ფონი დაცილებული იყო სხეულებრივ წონას, რეალობას და მის ბუნებრივ მომენტებს.

დასავლეთ ევროპაში XIII საუკუნის მიწურულს იცვლება ვითარება.  ფლორენციაში ჯოტოს და უფროსი პიზაროს ხელოვნება, ქრისტიანულ ხელოვნებაზეა დაფუძნებული და შინაარსიც რელიგიურია. რელიეფების, ფრესკების შესრულებისას - ფიგურატიული პლასტიკის და სივრცის პლანობრივი ამოცანების გააზრება ხდება. ეს ნაბიჯები თამამია თავისი დროისთვის თუმცა ანტიკურ დონეს ვერ აჭარბებს, მაგრამ კომპოზიციურ-სივრცობლივი ანუ ტოპოლოგიური კუთხით აქ დამაჯერებელი ნაბიჯები გადაიდგა ანტიკასთან შედარებით. ამის მაგალითი ჯოტოს ფრესკათა ციკლია.

ასი წლის შემდეგ, აღორძინების ეპოქაში, სივრცისა და ფიგურის, სხეულთა პლასტიკისა და ფონის არქიტექტონიკის თვალსაზრისით დიდი ნაბიჯები გადაიდგა.  მაგალითად ცნობილი ლეონარდო და ვინჩის ,,ჯოკონდა”  გამოსახულებისა და ფონის (კლდოვანი პეიზაჟის) მხატვრულ მთლიანობას წარმოადგენს. აღორძინების მხატვრებში ტოპოსის გააზრებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ხელოვანები გარდა მხატვრისა, არქიტექტორებიც იყვნენ. იმ პერიოდში აგებული არქიტექტურული ძეგლები, იმავდროულად, სივრცისა და ნაგებობის მთლიანობას გამოხატავენ.  იმ პერიოდში იწყება უკვე გუმბათოვანი გადახურვები. გუმბათის ფორმა სივრცის ერთ წერტილში შეკრების გააზრებასთანაა დაკავშირებული.

ბაროკოს ფერწერაში უკვე ტოპოსი პეიზაჟის სახითაც გვევლინება, ის ცალკე ჟანრად ყალიბდება. პირველი მათგანი ელ გრეკოს ტოლედოს ხედია რომელიც XVII საუკუნით თარიღდება. ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო სურათის ზედაპირის სრული ათვისება, ანუ გააზრებული, წარმოდგენილი იყო სრულად და თანაბრად იყო განაწილებული ფერი, ფორმა, ხაზი და განათება. აგრეთვე თანაბარი ძალით აჩენს ფერწერაში რემბრანდტისა და ველასკესის შემოქმედება ტოპოლოგიურ საწყისს. მათ შემოქმედებაში ბინდი, ნისლი ისეთივე შემადგენელი ნაწილია ნახატში, როგორც ფიგურა. მაგალიტად რემბრანდტის ,,ღამის მზირი” და სხვა.

დასავლური ტოპოლოგიის ხედვას იმიტომ გავუსვით ხაზი რომ ტოპოსის აღმოსავლური გაგებაც არსებობს. ჩინური და იაპონური ხედვა როგორც ფიგურის პლასტიკით, ასევე ტოპოლოგიურადაც განსხვავებულია. აქ მხატვრის ხედვა არ არის ფოკუსირებული, ანუ არ არის მისი  ხედვის კუთხე განსაზღვრული.  ამ კულტურაში მხატვარი დაბლა დამხობილი ხატავს, თვალი გამოსახულ ფორმებს დაჰყვება როგორც ხალიჩას.  დასავლურში სივრცეს მხატვარი მართავს, აღმოსავლურში: სივრცე - სივრცეს.

თანამედროვე ხელოვნებაში ფორმების მსგავსი ლოგიკური ურთიერთობები უკანა პლანზე გადადის თუმცა მაინც არსებობს. მაგალითად მარკ როტკოს ფერწერა,

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ: ,,ტოპოსი არის სივრცის, მასის, მისი ადგილის ჩვენი ინდივიდუალური მიმართების სტრუქტურული მთლიანობის ამსახველი ტერმინი”.

No comments:

Post a Comment