კულტურის მეცნიერებებში დასავლეთი და აღმოსავლეთი განიხილება როგორც მსოფლაღქმისა და საზოგადოებრივი მოწყობის ორი პრინციპულად განსხვავებული ტიპი; ეს განსხვავება ფიქსირდება ზოგადტიპოლოგიურ დონეზე, სადაც გაერთმნიშვნელიანდება ეთნიკური და ეროვნული განსხვავებანი კონკრეტულ საზოგადოებათა შორის. სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის მახასიათებლებად მიჩნეული რიგი ნიშან-თვისებების ჩამონათვალი, რომლებიც შემდეგნაირად ჯგუფდება:
დასავლეთი აღმოსავლეთი
სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლები:
ურბანისტული, ინდუსტრიული სასოფლო, აგრარული
წარმოება როგორც ბაზისი განაწილება როგორც ბაზისი
პოლიტიკური მახასიათებლები:
სამოქალაქო, დემოკრატიული პატრიარქალური, ავტორიტარული, დესპოტური
ისტორიული მახასიათებლები:
ისტორიზმი აისტორიზმი
ხაზოვანი დრო ციკლური დრო
კულტურულ-ისტორიული მახასიათებლები:
მატერიალიზმი სულიერება
სეკულარიზაცია რელიგიურობა
რეალიზმი/პრაგმატიზმი იდეალიზმი
ობიექტივიზმი სუბიექტივიზმი
პლურალიზმი მონიზმი
რაციონალიზმი ინტუიციურობა
ბუნების დამორჩილება ბუნებასთან თანაარსებობა
დინამიზმი სტატიკურობა
სამართალი მორალი
მეცნიერული ცოდნა საკრალური ცოდნა
თავისუფლება წესრიგი
ნება ფატალიზმი
ანთროპოცენტრიზმი თეოცენტრიზმი
დასავლეთი და აღმოსავლეთი ერთმანეთისაგან განსხვავდება სამყაროს ხედვითა და მასში ადამიანის ადგილის განსაზღვრით; ბუნების აღქმითა და მასზე ზემოქმედების (მისი შემეცნების) ხერხებით _ მაგიური, რაციონალური, ტექნიკური თუ სხვ.; ინდივიდისა და კოლექტივის ურთიერთმიმართებით; დამოკიდებულებით შრომისადმი; დამოკიდებულებით სამართლის, როგორც სოციალურ ურთიერთობათა რეგულატორისადმი; დამოკიდებულებით სიკვდილისადმი, ამქვეყნიურისა და იმქვეყნიურისადმი; რელიგიურობის ფორმებით; ისტორიის აღქმითა და მისი მიმართულების გააზრებით (პროგრესი, წრებრუნვა, რეგრესი); დამოკიდებულებით მშობლებსა და შვილებს, თაობებს, საერთოდ, სოციალური მთელის სხვადასხვა ჯგუფს შორის და სხვ.
ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელთაგან გამომდინარეობს მთელი რიგი განსხვავებებისა დასავლურ და აღმოსავლურ მსოფლაღქმას შორის. მაგალითად, დასავლური და აღმოსავლური კულტურები სხვადასხვაგვარად გაიაზრებენ დროსა და სივრცეს. სამეცნიერო ლიტერატურაში გვხვდება “დროის კულტურისა” და “სივრცის კულტურის” ცნებები. ამ კლასიფიკაციით, თანამედროვე დასავლეთი, მოდერნი _ დროის კულტურაა; მისი მთავარი მახასიათებელია დინამიკურობა, მუდმივი ცვალებადობა, რომელიც უკეთესისაკენ გამუდმებულ სვლად გაიაზრება. შესაბამისად, არსებობს მნიშვნელობათა მობილური სტრუქტურები და ცვალებადი ფორმები. ჩვეულებათა აზრი მუდმივად კითხვის ქვეშ დგება და, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, იცვლება. არადასავლეთი, პრემოდერნი ან არამოდერნი _ სივრცის კულტურაა, რომელიც აღბეჭდილია თავიანთ ადგილსამყოფელზე ადამიანთა და საგანთა მიჯაჭვულობის ნიშნით. ეს არის მშვიდი, სტატიკური ინერცია, რომელიც ადამიანებს სიმყუდროვის, უსაფრთხოებისა და მოვლენათა პროგნოზირებადობის განცდას ანიჭებს. დროის კატეგორია ამ კულტურისათვის უცხო არ არის, მაგრამ იგი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებული ცვალებადობა, დიდ როლს არ თამაშობს. დროის კულტურის სწორხაზოვანი, სწრაფწარმავალი დროისაგან განსხვავებით, ეს ციკლური დროა, რომელიც წრებრუნვას ასრულებს გაჩენას, აღსასრულსა და კვლავ გაჩენას შორის. სივრცის კულტურისათვის დამახასიათებელია მყარი საზოგადოებრივი ჯგუფების არსებობა, რომლებიც განსაზღვრავენ ცალკეულ ინდივიდთა ცხოვრებას დაბადებიდან სიკვდილამდე და რომლებთანაც ეს ინდივიდები მჭიდროდ არიან დაკავშირებული. სივრცის კულტურისათვის დამახასიათებელია მყარი რიტუალები, წეს-ჩვეულებების შენარჩუნებისათვის ზრუნვა. ეს წეს-ჩვეულებები ამ სახით მხოლოდ ამ კულტურაში _ ამ სივრცეში, ამ ნიადაგზე არსებობს, სიმყუდროვისა და შინაურულობის განწყობას უქმნის იმ ადამიანებს, ვის ჩვეულებებსაც ისინი წარმოადგენს.
დასავლეთსა და აღმოსავლეთს ერთმანეთისაგან განასხვავებს მრავალი მახასიათებელი, მათ შორის _ იერარქიული ურთიერთობები, ინფორმაციის გაცვლის სხვადასხვა წესი, არავერბალური კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმა. ეს ყველაფერი ნათლად ვლინდება არა მხოლოდ ფილოსოფიური თუ სოციალური მოძღვრებების, ან ისტორიული წარსულის აღქმის, არამედ ყოფით და საქმიან ურთიერთობებშიც. მაგალითად, დასავლური კულტურები ზუსტად განსაზღვრავენ დროს და დაგვიანება დანაშაულად თუ არა, არასერიოზულ საქციელად ითვლება, აზიის რიგ ქვეყნებში დაგვიანებით ვერავის გააკვირვებ, აქ აჩქარება საჭირო არ არის. არაბები ყავის სმასა და საუბარს საქმის კეთებად მიიჩნევენ, ამერიკელები კი მას დროის ფუჭ ფლანგვად თვლიან. ჩინელები და იაპონელები უდიდეს პატივს სცემენ იერარქიულ ურთიერთობებს, ამერიკელები კი თანასწორობის ხაზგასმას ცდილობენ. ამერიკული ინსტრუქციები იმასაც კი ითვალისწინებს, რომ აზიის წარმომადგენლებთან ფოტოგრაფირების დროს სასურველია ჯდომა, რათა თვალშისაცემი არ იყოს სიმაღლეში სხვაობა. იაპონელებს პრინციპულად არ შეუძლიათ “არა”-ს თქმა, რადგან ეს მათ კულტურაში უზრდელობად ითვლება, ამიტომ მოლაპარაკების დროს ისინი ათასგვარი ზრდილობიანი ფორმით ცდილობენ უარის თქმის თავიდან აცილებას, რასაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს მათი დასავლელი პარტნიორები.
ცხადია, რომ ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი ნიშნით რომელიმე კულტურის ტიპოლოგიური განსაზღვრა ფრიად ძნელია. კიდევ უფრო რთული წარმოსადგენია, რომ ესა თუ ის კულტურა ზუსტად “ჩაჯდეს” მახასიათებელთა მთელ ჩამონათვალში.
ზოგი მკვლევარი დასავლური ცივილიზაციის ტიპოლოგიურ მსაზღვრელად და მის “მაცოცხლებელ წყაროდ” ქრისტიანობას (და არა ანტიკურ მემკვიდრეობას) მიიჩნევს. აღინიშნება, რომ ისტორია, თანამედროვე გაგებით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, აშკარად თუ ფარულად, დაკავშირებულია სწორედ ქრისტიანულ კულტურასთან. ამ საზოგადოებას სხვადასხვა სახელით იხსენიებენ: ქრისტიანული ან ევროპული ცივილიზაცია, უბრალოდ – ცივილიზაცია, ან უფრო მარტივად – დასავლეთი. სწორედ ქრისტიანობას უკავშირებენ თავისუფალი პიროვნების გაჩენას, რითაც დასავლური საზოგადოება განსხვავდება მისი წინამორბედი ტრადიციული საზოგადოებისაგან. ამ უკანასკნელში ადამიანი, ფაქტობრივად, არ არის პიროვნება, მისი ყოფა რეგლამენტირებულია. დროის მდინარება ილუზორულია. ქრისტიანობასთან ერთად ჩნდება ულტიმატური ადამიანური თავისუფლების ცნება. დასავლური საზოგადოების წიაღში მწიფდება “ალქიმიური მარცვალი” – ანთროპოცენტრისტული ჰუმანიზმის იდეოლოგია, ადამიანი (და არა ღმერთი) იქცევა სამყაროს გონებაჭვრეტით ცენტრად.
მართალია, ინდივიდის, როგორც თვითკმარი ერთეულის ქრისტიანულმა გაგებამ დიდი როლი შეასრულა დასავლური სახელისუფლო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, მაგრამ ამგვარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის კავშირი რელიგიურ იდეასთან უშუალო არ არის და აქ სხვა ფაქტორებიც მოქმედებენ, რაც ნათლად დასტურდება ქრისტიანული კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყნებში სრულიად არადასავლური პოლიტიკური სისტემების ისტორიული არსებობის ფაქტით (მკაფიო მაგალითი _ ბიზანტია).
XX ს. 70-იან წლებში ორიენტალისტიკაში ჩამოყალიბდა ცივილიზაციათა განვითარების ამბივალენტურობის კონცეფცია, რომლის თანახმად, მსოფლიო ცივილიზაცია იმთავითვე გაიყო ორ შტოდ _ დასავლეთად და აღმოსავლეთად, რომელთაგან თითოეულს აქვს თავისი “გენოტიპი” და განვითარების საკუთარი ლოგიკა. ამასთან, სწორედ აღმოსავლური გზა მიიჩნევა ცივილიზაციის განვითარების ნორმალურ გზად, დასავლური კი _ გადახრად. ეს კონცეფცია ევროპოცენტრიზმიდან თავის დაღწევის მცდელობა უფროა, ვიდრე მეცნიერულად მკაფიოდ დასაბუთებული ხედვა.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცნებათა შინაარსი დასაზუსტებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ არც ერთი, არც მეორე არ წარმოადგენს დროსა და სივრცეში ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულ მთლიანობას. გარდა ამისა, ისინი ცივილიზაციური თვალსაზრისითაც არ არიან ერთგვაროვანი და უცვლელი. დასავლურ ცივილიზაციაზე, როგორც ინტეგრირებულ ერთობაზე საუბარი დღეს შესაძლებელია, ისევე როგორც შეიძლება თვალი მივადევნოთ მისი ფორმირების პროცესს – რენესანსის ან რეფორმაციის პერიოდიდან მოყოლებული. აღმოსავლეთი კი არც ისტორიულად, არც დღეს, ცივილიზაციურად ერთგვაროვანი არ ყოფილა; მის ფარგლებში ნებისმიერ ეპოქაში მოიაზრება რამდენიმე ცივილიზაცია. მაგალითად, ჯ.სტიდმანის აზრით, დღეს აღმოსავლეთი (აზია) შედგება “სუბკონტინენტური ცივილიზაციებისაგან”: შორეულაღმოსავლური (ჩინეთი, კორეა, იაპონია, ვიეტნამი), ინდური (მოიცავს ცეილონის, ბირმის, კორეის, ტაილანდის ბუდისტურ არეალსაც), მუსლიმური (მოიცავს მრავალრიცხოვან ხალხებს მაროკოდან ინდონეზიამდე და ფილიპინებამდე). თითოეული მათგანი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვებისაგან მსოფლმხედველობით, მხატვრული სტილითა და ფილოსოფიით.
საერთოდ, დიდი ცივილიზაციები ძნელია წარმოვიდგინოთ ერთიან, მთლიან, დაუნაწევრებელ ტიპოლოგიურ სისტემებად; ისინი მკაფიოდ დიფერენცირდებიან ცალკეულ ერთეულებად. მაგალითად, აღმოსავლეთთან შედარებით უფრო მკაფიოდ ინტეგრირებულ დასავლურ ცივილიზაციაში, ცალკეულ კულტურათა გარდა, აშკარად გამოიყოფა კულტურული ერთობები _ ვთქვათ, სკანდინავიური ან ხმელთაშუაზღვისპირული, რომელთა შორის განსხვავება გაცილებით მეტია, ვიდრე მსგავსება. ერთი ცივილიზაციის ფარგლებში არსებულ კულტურებში მოქმედებს თავისუფლების სრულიად განსხვავებული ონტოლოგიური პრინციპები, მნიშვნელოვანი განსხვავებებითაა ხორცშესხმული ამ ცივილიზაციის ძირითადი ფასეულობანი. ამიტომ ტიპოლოგიურობას აზრი მხოლოდ ისტორიულ კონტექსტში ეძლევა.
დასავლეთისა და აღმოსავლეთის განხილვა ოპოზიციურ წყვილად მსოფლიოს ცივილიზაციური ხედვის ფარგლებში თავსდება. მაგრამ ამ ცნებებით სტადიური მიდგომის მომხრეებიც ოპერირებენ. ისინი დასავლეთსა და აღმოსავლეთს განიხილავენ როგორც ტემპორალურ, დროით კატეგორიებს და, შესაბამისად, მსოფლიო-ისტორიული განვითარების ორ ფაზას: “აღმოსავლური” ფაზა შემდგომში შეცვალა “დასავლურმა” ფაზამ. სწორედ ამგვარი გააზრებაა მოცემული ჰეგელის, მარქსისა თუ პოზიტივისტურ ისტორიის ფილოსოფიაში.
“დასავლეთი” დროითი, და არა წმინდა სივრცითი ცნებაა, მიუთითებს ვიტორიო სტრადა, რამდენადაც უნივერსალურ-ისტორიულ ჭრილში იგი ნიშნავს იმას, რასაც მოდერნს, მოდერნულობას უწოდებენ. სწორედ დასავლეთის მეშვეობით და დასავლეთში შეცვალა მოდერნმა ათასწლოვანი ტრადიციული საზოგადოება. ეს იყო ერთადერთი დიდი რევოლუცია, რომელიც რამდენიმე ასწლეული გრძელდებოდა და რომლის ფარგლებში ცალკეული პოლიტიკური რევოლუციები, საფრანგეთით დაწყებული და რუსეთით დამთავრებული, მხოლოდ უბრალო ეპიზოდებია, რომლებიც ხან სტიმულის (საფრანგეთის რევოლუცია), ხან კი შემაფერხებლის (რუსეთის რევოლუცია) როლს ასრულებენ. გარკვეული თვალსაზრისით, “მოდერნის რევოლუცია” “აღმოსავლეთის დაისს”, “დასავლეთის მზის ამობრწყინებას” ნიშნავდა.
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცნებებს ხშირად ჩაენაცვლება ევროპისა და აზიის ცნებები. გეოგრაფიული თვალსაზრისით, ევროპა და აზია ერთი კონტინენტის – ევრაზიის – ნაწილებია. გეოგრაფიული საზღვარი მათ შორის, არსებითად, პირობითია და სხვადასხვაგვარად ლოკალიზდება. თავდაპირველად იგი მდ. დუნაიზე გადიოდა. მონღოლ-თათართა შემოსევისა და კათოლიციზმის აღმოსავლეთისაკენ წინსვლის შემდეგ მან ლიტვის დიდი სამთავროს საზღვარზე გადაინაცვლა. XVIII საუკუნეში ევროპის საზღვარი ურალის ქედზე, მდ. ურალზე (იაიკზე), კავკასიონის ქედსა და ბოსფორის სრუტის გასწვრივ გაატარეს. უკვე ჩვენს დროში საზღვარმა კიდევ უფრო აღმოსავლეთით გადაიწია _ სვერდლოვსკისა და ჩელიაბინსკის ოლქებზე, მდ. ემბაზე, შემდეგ _ უკვე არა კავკასიონის ქედზე, არამედ სამხრეთით, მოიცავდა რა საქართველოსა და სომხეთს როგორც არა აზიურ, არამედ ქრისტიანულ ქვეყნებს.
დღეს მეცნიერ-გეოგრაფები ევროპასა და აზიას შორის საზღვრის ხუთ (ან მეტ) ვარიანტს განიხილავენ.
ცივილიზაციური და კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით, ევროპა ერთგვაროვანი არ არის. აქ ჩამოყალიბდა დასავლეთქრისტიანული და აღმოსავლეთქრისტიანული ცივილიზაციები, ხოლო ევროპის სამხრეთ-დასავლეთით არსებობს მუსლიმური ცივილიზაციის კერები – თურქეთი, ბოსნია, ჰერცეგოვინა. მეცნიერები ვერც იმაზე თანხმდებიან, თუ სად გადის საზღვარი დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის. ზოგისათვის იგი პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვარს ემთხვევა, ზოგისათვის ეს ხაზი ელბიდან ტრიესტისა და შემდეგ ხმელთაშუაზღვისპირეთისაკენ მიემართება, ზოგი კი ევროპის ამგვარ დაყოფას საერთოდ ხელოვნურად თვლის. საუკუნეთა მანძილზე ევროპის პოლიტიკური საზღვარი აღმოსავლეთისაკენ იწევდა _ კათოლიციზმის, რომაული სამართალმემკვიდრეობისა და პროტესტანტული ეთიკის გავრცელების კვალობაზე.
პოლიტიკურად, გეოგრაფიულად, ეთნიკურად, კულტურულ-ცივილიზაცი¬ურად დაყოფილი ევროპა, ამავე დროს, გეოპოლიტიკურ მთლიანობად განიხილება; იგი მოიაზრება არა განსაზღვრულ გეოგრაფიულ სივრცეში მცხოვრებ ხალხთა და მათ მიერ შექმნილ კულტურათა უბრალო არითმეტიკულ ჯამად, არამედ ერთობად, რომელსაც გააჩნია სხვა ეთნიკურ ერთობათაგან განსხვავებული მახასიათებლები. ამ მახასიათებელთა ერთობლიობა “ევროპულ იდენტურობად” იწოდება. ამ თვალსაზრისითაც, ევროპული იდენტურობის საზღვრები მკაფიო არ არის, განსაკუთრებით საკამათოა აღმოსავლეთის საზღვრის საკითხი.
3 comments:
დავით, მომეწონა სტატია და თუ შეგიძლია მითხრა, რომელი ლიტერატურით იხელმძღვანელე? :)
romel statiaze ambob? sadac naxelmdzgvanelebi maqvs iq mititebulia literatura. sadac araa mititebuli chemi dacerilia.
ეგ 4 წლის წინანდელია და ზუსტად არ მახსოვს. ნათარგმნია დიდი ნაწილი ეგ :(
Post a Comment