Wednesday, May 18, 2011

კულტურული ანთროპოლოგია

ტერმინი ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

1) ფართო მნიშვნელობით, იგი აღნიშნავს სამეცნიერო დისციპლინას, რომლის შინაარსი “კულტუროლოგიის” ანალოგიურია. უფრო ზუსტად, კულტურანთროპოლოგია კულტუროლოგიის წინამორბედად განიხილება, რომლის ფარგლებში დაგროვდა შემდგომში კულტუროლოგიის სხვადასხვა სფეროში განშტოებული ცოდნა. იგი მოიცავდა ეთნოლოგიას, ისტორიას, სოციოლოგიას, გეოგრაფიას, დემოგრაფიასა და ზოგიერთ სხვა დარგს.

2) ვიწრო მნიშვნელობით, ტერმინი გამოიყენება განსხვავების აღსანიშნავად, რომელიც არსებობს ანთროპოლოგიის ინგლისურ და ამერიკულ სკოლებს შორის. აქედან პირველი უპირატესობას სოციალური პროცესების განხილვას ანიჭებს, რაც საფუძვლად დაედო მის სახელწოდებას – “სოციალური ანთროპოლოგია”. მეორე კი საზოგადოებრივი განვითარების განმსაზღვრელად კულტურულ პროცესებს თვლის და მის სახელწოდებადაც, შესაბამისად, “კულტურული ანთროპოლოგია” დამკვიდრდა.

ამერიკული კულტურული ანთროპოლოგიის მამამთავრად მიჩნეულია ფრანც ბოასი. კულტურული ანთროპოლოგიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ აღწერით მეთოდს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ისტორიზმის პრინციპს.

Kკულტურულ ანთროპოლოგიას, პირველ რიგში, აინტერესებს კულტურის დინამიკის საკითხები, კულტურის დროში გავრცელების (თაობიდან თაობაზე გადაცემის) მექანიზმი.

ამჟამად სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია შერწყმულია ერთმანეთთან, როგორც თეორიული, ისე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. Mმხოლოდ აშშ-ში შეინარჩუნეს მათთვის მეტად მისაღები, ტრადიციული ტერმინი კათედრების, სასწავლო კურსების, სამეცნიერო ჟურნალების, კვლევთი ორგანიზაციების, დაწესებულებების სახელწოდებებში.

Mგამოყოფენ კულტურული ანთროპოლოგიის განვითარების შემდეგ ეტაპებს: ეთნოგრაფიული (1800-1850 წწ), ევოლუციონისტური (XIX ს-ის 60-იანი წლები), სტრუქტურულ-ფუნქციური (XX ს-ის 30-50-იანი წლები), ნეოევოლუციონისტური (XX ს-ის 60-70-იანი წლები) და პოსტსტრუქტურული (XX ს-ის 80-იანი წლები).

No comments:

Post a Comment