Tuesday, May 17, 2011

გემოვნების მოქმედების მექანიზმი ვიზუალურ ხელოვნებაში (ვლადიმერ ასათიანის ნაშრომის: ,,გემოვნება, როგორც მხატრვული ცოდნის სპეციფიკის საფუძველი და შემეცნების ფორმა” მიხედვით)

ხელოვნების ისტორიული და ტექნოლოგიური ცოდნა უნდა განვასხვავოთ ხელოვნების ფარგლებში დაგროვილი ცოდნისაგან.

მხატვრული სპეციფიკა როგორც ასაღწერ ობიექტს, ისე მის ასახვას სწავლობს.  პ.ვალერის თქმით გასაკვირია მსჯელობა შემოქმედების, შთაგონების შესახებ, როცა აზრად არავის მოსდის როგორ ყალიბდება მელოდია ან მარტივი ფრაზა.  ასე რომ მხატვრული მექანიზმის სტრუქტურას და ქმნადობას ვერ ავუვლით გვერდს.

უმნიშვნელოვანეს ესთეტიკურ კატეგორიათა შორის - გემოვნების შესწავლას შედარებით ხანმოკლე ისტორია აქვს. გემოვნებაზე ყურადღების კონცენტრაცია შემთხვევითი არ არის.  ის, როგორც ესთეტიკური კატეგორია ღრმა, ფართო, დინამიური და თვინიერია. ის შეიძლება როგორც ინდივიდუალური, ისე ზოგადი იყოს, განსჯითი ან გრძნობადი. ის შეფასებაცაა და სინთეზიც, რომელიც შემეცნებას და შემოქმედებას ემსახურება.  გემოვნება ერთის მხრივ საწყისია, უნარი, ანუ რაღაც იმანენტური და იმავდროულად გამოცდილებაც, ანუ იგი ჩამოყალიბებულ ცოდნის სფეროსაც მოიცავს გაღრმავებული შინაარსით.

არსებითად გემოვნებასთანაა დაკავშირებული ისეთი მრავლისმომცველი მოვლენის არსებობა როგორიცაა – მხატვრული კულტურა, ინდივიდუალური თუ ზოგადი.  ასევე შესაძლებელია ინდივიდუალურ, ეპოქის, კლასის, ეროვნულ ან სხვა გემოვნებაზე საუბარი. ნებისმიერი აღქმის გრძნობა და უნარი საბოლოოდ თავს გემოვნებაში ავლენს.

გემოვნება ცენტრალური და საბაზისო კატეგორიაა ხელოვნებაში რასაც გემოვნების შესწავლის ისტორიაც ცხადყოფს.ის თავიდანვე ადამიანის შემეცნების უნარს დაუკავშირდა.ის პირველ რიგში ვლინდება რაიმეს შემეცნებისას მაგრამ მისი გამოვლენა არა ცნებებში, არამედ – სახეებში ვლინდება. ვოლტერის აზრით გემოვნება აზრსაც წინ უსწრებს, რადგან სილამაზის და ცდომილების გრძნობა ისევე მეყსიერად გვეწვევა, როგორც ჩვენი ენა გრძნობს წინასწარ გასასინჯი საკვების გემოს.

XVIII საუკუნიდან გემოვნებას გრძნობის და განსჯის სფეროს თანაბრად მიაკუთვნებდნენ, მაგრამ ბოლომდე არცერთზე არ დაყავთ. განმანათლებლები თვლიდნენ, რომ დახვეწილი გემოვნება ყველგან და ყოველთვის შეესატყვისებოდა ბუნებას. მრავალფეროვნება კი მისი აღქმისა და შეფასების სფეროს წარმოშობს.

ზულცერთან გემოვნების თეორიამ სისტემატიზირებული ხასიათი მიიღო. ის არა მინიშნებით, არამედ აშკარად განიხილავს გემოვნებას როგორც შეფასების, აღქმის უნარს და რაც მთავარია როგორც მხატვრული შემოწმედების ორგანოს. ,, მხოლოდ გემოვნების შეერთებით გონებასთან და ტალანტთან იქმნება მხატვარი”.

გემოვნება მხატვრული შემოქმედების პროცესში ძირითადად გრძნობად-სახობრივი გზით ვლინდება, ხელოვნებაში ქმნილების შეფასებისას გემოვნება ახდენს ხელოვნების გრძნობად-სახობრივი ცნებებზე დეკოდირების ინიცირებას და ამავე დროს ცნებით დისკურსში ირიბად ჩართვასაც. გემოვნება ის უნარია რომელიც მოწოდებულია შემოქმედების პროცესში დისკურსის გზით წარმართოს გრძნობად-ხატობრივი მონაცემების სისტემიზაცია-ანალიზი და ამავე დროს ინტუიციურად ჩაწვდეს ცნებით მასალას. რაც უფრო მეტ ასეთ სამუშაოს ეწევა გემოვნება, როგორც უნარი, რაც უფრო მეტ სხვადასხვა მასალას მოიპოვებს, გააანალიზებს, მით უფრო ვითარდება თავადვე, ფართოვდება მისი დიაპაზონი. აქვე შეიძლება აღინიშნოს რომ რაც უფრო ფართო და მოცულობითია გემოვნება როგორც მხატვრული ცოდნის სფერო, მით უფრო ნატფი და ბასრია იგი როგორც გრძნობა.

ფაქტია, რომ გემოვნება უნივერსალური, განვითარებადი და ცვლადია. აღსანიშნავია ისიც, რომ ის ,,ისრუტავს” სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას და ხვეწავს საკუთარ ფორმალურ მიდგომებს. კანტი წერდა, რომ საკმარისი არ არის ხელოვნების ნაწარმოები მხოლოდ ოგირინალურობით იყოს აღბეჭდილი, არამედ ,,სანიმუშო” ორიგინალურობითო.

დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ოსკარ პიტერსონის შემოქმედებას ეძღვნებოდა, ჯაზმენი-პიანისტი საუბრობდა მასზე ინსტრუმენტალური ჯაზის გავლენაზე და აღნიშნავდა რომ პიკასოს გრაფიკული ნამუშევრები ხელს უწყობდა მას განესაზღვრა თავის მუსიკის ხასიათი. პიტერსონმა პიკაასოს შემოწმედების ნაწილის სტრუქტურას თავისი ჯაზ-კომპოზიციები შეადარა.

გემოვნება ხელოვნებაში მხატვრული გამთლიანების უნარია. მისი მეშვეობით შინაარსული, სახობრივი, ტექნიკური, პრაქტიკულ-ემპირიული Mმთლიანობა იკვრება, ამ ყველაფერს მხატვრლ ფორმად აქცევს დაბალანსების გზით. თუ ხელოვნების ქმნილებაში რომელიმე ჩამოთვლილი ასპექტი მოისუსტებს, ეს ნიშნავს, რომ ხელოვანის ნიჭს, რომელიმე მხარე აკლია (გამოცდილება, ხედვა, დამაჯერებლობა და ა.შ.), მაგრამ გაცილებით სავალალოა როდესაც ყველა არსებული ბალანსი ირღვევა. ამ დროს გემოვნება ვეღარ კრავს, ვეღარ აყალიბებს, მხატვრულ ფორმას სათქმელს ვერ უძებნის. ასეთ დროს თავად იდეის მართებულობა დგება ეჭვის ქვეშ, ქრება ოსტატობაც და მხატვრულობაც.  არისტოტელე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ,,ზომის გრძნობას”, ამ შემთხვევაში მხატვრული ზომის გრძნობა გემოვნების, როგორც უნარის ერთ-ერთი წახნაგია.

No comments:

Post a Comment