Wednesday, May 18, 2011

იდენტურობა, იდენტიფიკაცია, თვითიდენტიფიკაცია

სიტყვა “იდენტურობა” მოდის ლათინური ფრაზიდან Idem et Idem, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს “იგივე და იგივეს” ანუ “ერთსა და იგივეს”. იდენტურობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ “მე”-ზე, როგორც სუბიექტურად აღქმულ მთლიანობასა და ინდივიდუალურობაზე, რომლის მეშვეობით პიროვნება საკუთარ თავს აიგივებს გარკვეულ ტიპოლოგიურ კატეგორიასთან (სახელმწიფო, სოციალური სტატუსი, კულტურა, ეროვნება, ასაკი, სქესი, პროფესია და ა.შ.). სოციალურ მეცნიერებებში გამოყოფენ სოციალურ იდენტურობას, კულტურულ იდენტურობას, ეთნიკურ იდენტურობას, ჯგუფურ იდენტურობას. იდენტურობის მექანიზმი გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური სტრუქტურისა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნების, გადაცემის პროცესში.

თავად პროცესის, დინამიკის აღსანიშნავად გამოვიყენება ტერმინი “იდენტიფიკაცია”, რომელიც ხმარებაში პირველად ხმარებაში ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა შემოიღო. მისი სკოლა იდენტიფიკაციას “მე”-ს თვითგანვითარების მთავარ, ცენტრალურ მექანიზმად მოიაზრებს. დღეისათვის სოციოლოგები და სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევარები “იდენტიფიკაციაში” გულისხმობენ ინდივიდის სოციალიზაციას, სოციალური როლების მიღებასა და ადაპტაციას, სოციოკულტურული მოდელების ათვისების პროცესს.

იდენტურობის სუბიექტური განცდა _ თვითიდენტიფიკაცია _ ყალიბდება ადამიანის ინდივიდუალური განვითარების კვალდაკვალ და სოციალიზაციის, საზოგადოებაში პიროვნების ინტეგრაციის შედეგს წარმოადგენს. ინდივიდის მიერ სოციოკულტურული ნიმუშების, ნორმების, ღირებულებების ათვისება და გაზიარება, საკუთარი თავის, ადგილის მიკუთვნება არ არის ერთგვაროვანი პროცესი და ხასიათდება გარკვეული ცვლილებებითაც. გამოყოფენ იდენტურობის დაკარგვის, შელახვის შესაძლებლობას, რომელიც ძირითადად ინდივიდის ასაკობრივი, ფსიქოლოგიური კრიზისის ან სოციოკულტურული გარემოს მკვეთრად შეცვლის შემთხვევაში რეალიზდება. მაშასადამე, იდენტურობის დაკარგვა თანამდევია ისეთი მოვლენებისა, როგორიცაა გაუცხოება, დეპერსონალიზაცია, ანომია, პიროვნული დეზორიენტაცია, სოციალური იზოლირება, გაორება (მარგინალიზაცია), ფსიქოლოგიური პათოლოგია. სოციოკულტურული ცვლილებების დროს იდენტურობის კრიზისმა შეიძლება ფართო, საყოველთაო მასშტაბები მიიღოს, თუმცა მას ზოგჯერ დადებით შედეგებამდეც მივყავართ (როგორიცაა ცვლილებებისადმი ადაპტაცია, სტრუქტურული ცვლილებები და სხვ.).

ამგვარად, სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებული სამი ტერმინი _ იდენტურობა, იდენტიფიკაცია, თვითიდენტიფიკაცია _ ერთი და იგივე შინაარსისაა და ერთმანეთისაგან განსხვავდება აქცენტებით: 1. იდენტურობა აღნიშნავს უკვე ფაქტის სახით არსებულ რეალობას, იდენტიფიკაცია კი პროცესია, რომლის შედეგი ამ რეალობის განსაზღვრაა; 2. იდენტიფიკაცია და თვითიდენტიფიკაცია ერთი და იგივე პროცესის ობიექტური და სუბიექტური ასახვაა.

კულტურული იდენტურობა არის ამა თუ იმ ისტორიული ერთობის წევრ ინდივიდთა (თვით)გააზრება ამ ერთობის კულტურის წევრად.

ეთნიკური იდენტიფიკაცია საკუთარ ეთნიკურ გარემოსთან ინდივიდის გაიგივების პროცესია, რომელიც მას ამ ეთნოსის ქცევის ნორმებისა და კულტურული ფასეულობების ათვისების შესაძლებლობას აძლევს.

ცივილიზაციური იდენტურობა არის ამა თუ იმ კულტურის მატარებელთა (თვით)გააზრება რომელიმე ცივილიზაციური ერთობის წევრად.

No comments:

Post a Comment